კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. პრემია ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება და როგორც საზოგადეობრივი მაუწყებელი წერს, ის დღეს მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ლიტერატურული კონკურსი, ყოველწლიურად, ივლისში გამოცხადდება.

როგორც 1tv-ge წერს, მინისტრმა განაცხადა, რომ კონკურსის მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება. ასევე, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე კაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისთვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.

ინფორმაცია ვის აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება, ასევე კონკურისის დებულება და განცხადების ფორმა მოცემულია ბმულზე. 

„კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

• ქალი პროზაიკოსი – საუკეთესო პროზაული კრებულისთვის;

• ქალი პოეტი – საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;

• ქალი მთარგმნელი – საუკეთესო თარგმანისთვის;

• ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი.

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისთვის”, – ავრცელებს ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით.

მათივე ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, ხუთი წევრის შემადგენლობით.

წლევანდელი კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 2022 წლის 20 ივლისიდან 22 აგვისტოს 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.