კულტურის სამინისტროს დავა კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოუგო

პუბლიკა

ადვოკატ ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო. გათავისუფლებული პირი სამსახურში აღდგენას და განაცდურის გადახდას ითხოვდა. მოსამართლემ ორივე მოთხოვნა დააკმაყოფილა და კულტურის სამინისტროს პირვანდელ პოზიციაზე ამ პირის აღდგენა დაავალა, ასევე 13 თვის განაცდურის ანაზღაურება.

პირი, რომლის უფლებებისაც ვახტანგ ბარამაშვილი იცავს, ამ ეტაპზე ანონიმურად დარჩენას არჩევს. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ის სამინისტროში მაღალ საჯარო პოზიციაზე მუშაობდა და უწყებაში მუშაობის 4-წლიან პერიოდში მაღალი სამოხელეო შეფასებები აქვს მიღებული. მისივე თქმით, გათავისუფლებამდე მის მარწმუნებელს ჩაუტარდა გამოცდა, სადაც მან მაღალი შეფასება მიიღო, თუმცა გასაუბრებაზე მინიმალური ქულები დაუწერეს, რის გამოც მიიღეს მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა გადაწყვეტილებაში პირდაპირ დაწერა, რომ რეორგანიზაციისთვის შექმნილი კომისია ფორმალობა იყო, რათა უკანონო გადაწყვეტილებები შენიღბულიყო.

„სამინისტროს რეორგანიზაცია რომ მოხდა. როცა კულტურის სამინისტრო გამოეყო განათლების სამინისტროს. წულუკიანმა დაიწყო რეორგანიზაცია და გაატარა წმენდა. დანიშნა თითქოს კომისია, რომ ობიექტურად მიეღო გადაწყვეტილებები. ამ კომისიაზე ჩემმა მარწმუნებელმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები, მიუხედავად ამისა გასაუბრებაში დაუწერეს მინიმალური ქულები და ამიტომ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, იმის გარდა, რომ კომისიაზე მაღალი ქულები მიიღო, სამინისტროში მუშაობის 4 წლის განმავლობაში მაღალ სამოხელეო შეფასებებს იღებდა. კომისია წმინდა ფორმალობაა, რომ შეინიღბოს უკანონო გადაწყვეტილებები, ეს პირდაპირი ტექსტით ჩაწერა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რომ გათავისუფლების ბრძანება არ ყოფილა, ობიექტურად მიღებული და იყო სხვა ფაქტორებით მიღებული გადაწყვეტილება“, – ამბობს ვახტანგ ბარამაშვილი.