კულტურის სამინისტროს კულტურის სფეროდან მოსული არ უნდა მართავდეს | დოლიძე

პუბლიკა

რეჟისორი ქეთი დოლიძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანი კარგი მენეჯერია და კულტურის სამინისტროს „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მართავდეს კულტურის რომელიმე სფეროდან მოსული“.

„ჩემთვის მთავარია, რომ კულტურის სამინისტროს მართავდეს ყოველი მხრიდან მოუსყიდავი, მიუკერძოებელი – თუმცა ეს არ არის ზუსტი სიტყვა –  ადამიანი, რომელიც არ არის მიკერძოებული რომელიმე ერთ ჯგუფთან, ვინმესთან… თეა წულუკიანი არის კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი იურისტი, რაც აუცილებელია ამ სფეროში და კულტურის სამინისტროს, მე რომ მკითხოთ, არ უნდა მართავდეს ადამიანი, რომელიც კულტურის რომელიმე სფეროდან არის მოსული“, – განაცხადა ქეთი დოლიძემ „TV პირველთან“.


„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ, „რაზეც მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა“.

 #cancelThea – თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს, რომელსაც უკვე ხელს აწერს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი.