კულტურის სამინისტროს თანამშრომლები საჯარო ინფორმაციის გაცემის გამო დასაჯეს - სალაძე

პუბლიკა

საიას ყოფილი თავმჯდომარე, იურისტი სულხან სალაძე წერს, რომ კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  საყვედური გამოუცხადა და ხელფასები დაუკავა თანამშრომლებს, რომლებმა მას საჯარო ინფორმაცია მიაწოდეს.

„თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად ყოფნა რამხელა უბედურებაა, უკეთ რომ გაიგოთ, ეს ამბავი უნდა იცოდეთ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ოფიციალურად გამოვითხოვე მუზეუმის დირექტორატის სხდომის ოქმები. ეროვნულმა მუზეუმმა, დადგენილი წესით, კანონის შესაბამისად, მომაწოდა დირექტორატის ყველა ღია სხდომის ოქმი (მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაბლოკილი წულუკიანს ეროვნული მუზეუმიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა). მოგვიანებით, სხდომის ეს ოქმები ხელმისაწვდომი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებისათვის.

და იცით ამის შემდეგ რა მოხდა? სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, არაფრისგან გამოგონილი დისციპლინური გადაცდომის მოტივით, დისციპლინური წარმოება „ჩაატარა“. შედეგად, ეროვნული მუზეუმის იმ თანამშრომლებს, ვინც კანონით დაკისრებული მოვალეობები შეასრულეს, დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა! სანქციების სახედ გამოყენებული იქნა – საყვედური და თანამდებობრივი სარგოს დაკავება!

კი, ამასაც მოვესწარით, წულუკიანის სამართალში ყველაფერი პირიქითაა, ვინც გაბედავს და საჯარო ინფორმაციას გასცემს, სასტიკად დაისჯება!

ვიცი, რომ ძალიან რთულ დროში გვიწვეს ყველას ცხოვრება. რუსეთის საშინელი მოქმედებების და უკრაინაში მოწყობილი სასაკლაოს ფონზე, ძალიან ძნელია სხვა რამეზე ყურადღების მიდევნება, მაგრამ რასაც კულტურის მინისტრი აკეთებს, ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ოკუპანტი ქვეყნის კულტურის მინისტრსაც კი შეშურდება ის ფორმები და მეთოდები, რომლითაც წულუკიანი ებრძვის განსხვაბულ აზრს, მუზეუმის კანონმორჩილ თანამშრომლებს და მეცნიერებს”. – წერს იურისტი.