კულტურის სამინისტროსთან ლიკა მამაცაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

კულტურის სამინისტროსთან კურატორ ლიკა მამაცაშვილის მხარდამჭერი აქცია გუშინ, 4 ივნისს გაიმართა. ლიკა მამაცაშვილი თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელი იყო, რომელიც სამსახურიდან 3 ივნისს  გაათავისუფლეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, კერამიკოსი ლია ბაგრატიონი „ფორმულასთან“ ამბობს, რომ ლიკა მამაცაშვილის „ მოშორება ამ სივრციდან ნიშნავს, ფეხი რომ დაუდო მთელ თანამედროვე ქართველ არტისტებს, საზოგადოებას“, – თქვა მან.

„ვინც ამას აკეთებს, შორიდანაც კი წარმოდგენა არ აქვს ვინ რას წარმოადგენს და ნიშნავს ქართული სახელოვნებო და კულტურული სივრცისთვის“, – განაცხადა მხატვარმა ოთარ ყარალაშვილმა.

ლიკა მამაცაშვილის თქმით, მას ჯერ არ მიუღია გათავისუფლების ბრძანება. როგორც ის აღნიშნავს, ის დიდი ხანი ელოდა გათავისუფლებას.

„გათავისუფლებას დიდი ხანია ველოდებოდი. სრულიად გაუგებარი იყო ჩემთვის, რატომ არ მხსნიდნენ უფრო ადრე. რაღაცნაირად მიწელავდნენ ამას, ეტყობა სიამოვნებდათ. 7-ში იქნება ბრძანებები გათავისუფლების შესახებ… შიშის დანერგვა უნდათ, რომ შემდეგ ამით დაიმონონ ადამიანები. ახლა კულტურის სფეროს რატომ დაარტყეს ასე პირდაპირ – ზუსტად იმიტომ, რომ ის არის ყველაზე თამამი და ყველაზე თავისუფალი“, – თქვა მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“.