კულტურის სფეროს წარმომადგენელები „ტრენინგების საქმეზე“ განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

კულტურის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საგანმანათლებლო ტრენინგებზე დასწრების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ ოცამდე  კოლეგას ყოველდღიურად იბარებს გამოკითხვაზე.

ისინი აცხადებენ, რომ თითქოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ ის მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, კინომცოდნეები, ფოტოგრაფები, რომლებიც წლებია, პირუთვნელად ემსახურებიან თავიანთ საქმეს და  ჩვენს ეროვნულ კულტურას მსოფლიოს აცნობენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ბოლო ათწლეულია რუსეთის ფედერაციის არცერთი აგენტი არ გამოუვლენია, ეფექტური მუშაობის ილუზიის შექმნას ცდილობს კულტურის სფეროს წარმომადგენლების დემონიზაციით.

ჩვენს სამართლიან პროტესტს უპირისპირდებიან მაღალი თანამდებობის პირების  მიერ წახალისებული ძალოვანი სტრუქტურები, ორკესტრირებულად მიმდინარეობს ადამიანების დაშინება და საზოგადოების თვალში ჩვენი დისკრედიტაცია უმძიმესი და უსაფუძვლო ბრალდებებით.

ამ ყველაფრის ფონზე კი კულტურის სამინისტრო ჩვენს თვალწინ ანადგურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ფლანგავს ბიუჯეტს, უკანონოდ ათავისუფლებს პროფესიონალებს (რაზეც წაგებული შრომითი დავებიც მეტყველებს), თავისუფლებას უზღუდავს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, აჩერებს სამეცნიერო კვლევებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს საზოგადოებრივ ინტერესს და ფარული მიყურადებით მოპოვებული ჩანაწერების ფრაგმენტების ჩვენებით მანიპულირების ნაცვლად, პროცესი გახადოს საჯარო, გამჭვირვალე და მოეხსნას .. „ხელისუფლების ჩამოშლისაბსურდულ საქმეს გრიფი საიდუმლო

ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი! უსამართლობის წინააღმდეგ სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი დემოკრატიულ საზოგადოებაში კომპრომატად ვერ ჩაითვლება! ჩვენ ვაპროტესტებთ კულტურის რეპრესიულ პოლიტიკას! ვაპროტესტებთ უსამართლო და არაკვალიფიციურ მართვას! მოვითხოვთ გამჭვირვალე კულტურის პოლიტიკას! ამ უფლებას ვერ წაგვართმევთ!

ჩვენი პროტესტი, რომელშიც ასეულობით ადამიანი მონაწილეობს, მთლიანად უგულებელყოფილია ხელისუფლების მიერ.

მივმართავთ მედიას პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, გამართოს საჯარო დებატები, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, ღიად და საჯაროდ დავსვათ ლეგიტიმური შეკითხვები, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს თავად გამოიტანოს დასკვნები.

ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს – გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული რესურსები ხელოვანებისა და მეცნიერების მიმართ გამოცხადებული რეპრესიების შესაჩერებლად, “- ნათქვამია მატ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს.

უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

ტრენინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრენინგებს არავითარი კავშირი გადატრიალებასთან არ ჰქონია.  მათი თქმით, ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის გაეცნო მიდგომები – კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა შესახებ, ასევე არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების კუთხით.