კულტურის სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ დეპუტატებს, უნდობლობა გამოუცხადონ თეა წულუკიანს

პუბლიკა

კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის დეპუტატებს მიმართავენ, უნდობლობა გამოუცხადონ კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს და მოითხოვონ, აუდიტმა შეისწავლოს სამინისტროს საქმიანობა.

„მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობაში კულტურის მინისტრად კვლავ თეა წულუკიანია წარდგენილი.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მეცნიერები, ხელოვანები მოვუწოდებთ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს! მისთვის ნდობის გამოცხადებით თქვენც თანაბარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე.

თეა წულუკიანის სისტემაში დატოვებით ხელს მოაწერთ ქვეყნის კულტურული იდენტობის შეუქცევად განადგურებას, კეთილსინდისიერი პროფესიონალებისთვის გამოცხადებულ ტერორს და ქვეყნის სრულ კულტურულ იზოლაციას. ის მეორედ არ უნდა დაინიშნოს მინისტრად, რადგან:

  • ნადგურდება გელათი!
  • ნადგურდება არქეოლოგიური ძეგლები!
  • მეცნიერებს არ ეძლევათ პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა!
  • არ წყდება ხელოვანებზე თავდასხმა!
  • სხვადასხვა სფეროდან ასობით პროფესიონალს ბოიკოტში ყოფნა უწევს!
  • საგანმანათლებლო სივრცეები კარგავენ ავტონომიას!
  • კინოცენტრის ბიუჯეტი იფლანგება პარტიის პროპაგანდისტების ბერლინში ვოიაჟისთვის!
  • ფერხდება ლიტერატურული პროცესები!
  • უკანონოდ ათავისუფლებენ დასაქმებულებს და სამინისტრო შრომით დავებს აგებს!

სამეცნიერო და სახელოვნებო სფეროებში დარგის სპეციალისტებს ანაცვლებენ პენიტენციური სისტემის კადრებით!

მივმართავთ პარლამენტის წევრებს, თითოეული თქვენგანი ვალდებული ხართ, მოითხოვოთ, რომ სამინისტროს საქმიანობა შეისწავლოს სახელმწიფო აუდიტმა. თქვენ ვალდებული ხართ, გამოუცხადოთ უნდობლობა თეა წულუკიანს! თუ კულტურის სფეროსთვის მის მიერ მიყენებული ზიანის გრძელი ჩამონათვალი თქვენთვის უმნიშვნელოა, გამოიჩინეთ პრაგმატიზმი, რადგან გაზაფხული ცხელი იქნება“, – ნათქვამია კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართვაში.