კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

პუბლიკა

თბილისში კულტურის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც ლექტორ-მასწავლებლების მარშს შეუერთდნენ.

მარშის ორგანიზატორებმა მსვლელობისას მოქალაქეებს მოუწოდეს ხვალ, 25 ნოემბერს შეუერთდნენ დაგეგმილ საპროტეტსო აქცია პარლამენტთან.

„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, მმართველმა პარტიამ, უგულებელყო უმრავლესობის ნება და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მთავარი – არჩევანის თავისუფლება წაართვა. საქართველოს სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს, რომელიც ებრძვის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც სიტყვის, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლებაა.

ქართული კულტურა საფრთხეშია და მასთან ერთად საფრთხეშია თავად ქართული იდენტობაც. ამის კარგი ილუსტრაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიც. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით არ გავჩუმდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, დავიცვათ ადამიანის ძირეული უფლებები და ქართველი ხალხის არჩეული, ისტორიული ევროპული კურსი.

ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული კულტურა და იდენტობა – ვთხოვთ შემოგვიერთდეს“,- აცხადებენ მარშის ორგანიზატორები.

თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა იყო დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაშლიან კარვებს და პროტესტის მონაწილეები ღამეს გაათევენ.

15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებული მარში.

17:00 საათზე, გაიმართება პროფესორ-მასწავლებლების მარში ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტამდე.

17:00 საათზე, გაიმართება სახელოვნებო პროტესტი, მონაწილეებმარუსთაველის მეტროდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით გამართეს მსვლელობა.

21:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და ღამით დარჩებიან.