კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტში ერთობილივი წერილი შეიტანეს. ისინი კულტურისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს მიმართეს, რომ პარლამენტმა „კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, უზრუნველყოს კულტურის სფეროს და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით საჯარო შეხვედრა კულტურის კომიტეტის სხდომაზე“.
კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წერილში აღნიშნავენ:
„მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სფეროში გატარებული ორწლიანი პოლიტიკის შედეგად წამოჭრილია არაერთი პრობლემური საკითხი, რომლებიც ითხოვს პარლამენტის და უფლებადამცველთა რეაგირებას.
- მინისტრ წულუკიანის საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებიც არა მხოლოდ მენეჯერულ გამოცდილებას, არამედ სპეციფიკურ პროფესიულ ცოდნას ითხოვს, დაინიშნენ იუსტიციის სამინისტროს კადრები;
- ამავე საკადრო პოლიტიკის შედეგად, კულტურის სსიპებიდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კინოცენტრი) უკანონოდ გათავისუფლდა ათეულობით ადამიანი. მათი უმრავლესობა დავობს სასამართლოში უკანონო გათავისუფლების და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. დისკრიმინაციული მოპყრობის ერთ-ერთი ფაქტი დადგენილია სახალხო დამცველის აპარატის მიერ (დანართი: 1). ამ დროისთვის 11 საქმე მოსარჩელეთა გამარჯვებითაა დასრულებული, რის შედეგადაც საქართველოს ბიუჯეტს უკვე დაეკისრა ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება;
- რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპებიდან პროფესიონალი კადრების ტოტალური გადინება უდიდეს ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის პროცესს. შედეგები უკვე აისახა გელათის სამონასტრო კომპლექსის მცდარი მეთოდოლოგიით წარმართულ რეაბილიტაციაზე, რომლიც შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს;
- მინისტრ წულუკიანის პოლიტიკა არაერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი სახელოვნებო ცენზურის დამყარების მცდელობის და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების გამო, იქნება ეს ლიტერატურული კონკურს ,,ლიტერას“ ჟიურიში ჩარევა, სამეცნიერო პროექტების შეჩერება, დოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენების აკრძალვა თუ არაერთი სხვა ფაქტი, რომელთაც არ მისცემიათ საზოგადოებრივი რეზონანსი).
- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისადმი დაქვემდებარებული სსიპები გადაიქცა ჩაკეტილ უწყებებად, რომლებიც არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. IDFI-ს მიერ 2022 წლის ყველაზე დახურულ უწყებად სწორედ წულუკიანის უწყება დასახელდა (დანართი. მაგალითისთვის, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი, ამ დრომდე უცნობია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის გეგმა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, რითაც არღვევს საქართველოს კანონს საჯარო ინფორმაციის შესახებ;
- გაუმჭვირვალეა სამინისტროს მიერ წარმოებული კონკურსები;
- უკანასკნელ დღეებში საქართველოს კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ კულტურის მინისტრის მხრიდან პროფესიონალი კადრების დისკრიმინაციული ჩანაცვლება მისთვის სასურველი კადრებით და შემოქმედებითი პროცესების კონტროლის პოლიტიკა გრძელდება.
ყოველივე ზემოთქმული, უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეზე. ამასთანავე, სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან, სფეროს მართვის ასეთი მოდელი, არადემოკრატიულობისა და გაუმჭვირვალობის გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ხელს უშლის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს“, – აცხადებენ კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.