კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანების ღია წერილი მთავრობას

პუბლიკა

საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანება საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს და პეტიციას აქვეყნებს. წერილი შექმნილ მძიმე მდგომარეობას ეხება და კრიზისის დაძლევის გეგმასაც შეიცავს.

„მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პასუხისმგებელ პირებს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები COVID-19 გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამსუბუქებლად“, – აცხადებს გაერთიანება.

გაერთიანების განცხადებით, საქართველოს კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მსოფლიო კულტურის შექმნასა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის, გამწევ ძალასაც წარმოადგენს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანებმა და კოლექტივებმა შექმნეს ახალი ქართული კულტურა, რომლებმაც არამხოლოდ განსაზღვრეს თანამედროვე, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს სახე, არამედ ქვეყანა 90-იანი წლების დეპრესიიდან გამოიყვანეს. მომდევნო ათწლეულებში სწორედ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმატების შედეგად ჩამოყალიბდა საქართველო რეგიონის კულტურულ ცენტრად და შესძინა მას გლობალური მნიშვნელობა“.

საშემსრულებლო, ვიზუალური და ურბანული ხელოვნება, ქორეოგრაფია, მოდა და დიზაინი, კინემატოგრაფია, მუსიკალური, საფესტივალო და საკლუბო სცენა, ლიტერატურა, სარეკლამო სააგენტოები, ახალი ციფრული მედია და მულტიმედიური ხელოვნება – გაერთიანების განცხადებით, ეს ის სფეროებია, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით გაუთქვა სახელი.

„საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო და საზოგადოებრივ პროცესებს წლების განმავლობაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიასა და გავლენიან სახელოვნებო ინსტიტუციებში, გალერეებსა და შემოქმედებით აქტივისტურ კოლექტივებში. თანამედროვე ევროპის საზოგადოებრივი მოძრაობები შთაგონების წყაროდ ხშირად თბილისიდან წამოსულ ახალ, ხმამაღალ იმპულსებსა და განაცხადებს ასახელებენ. ჩვენი ინდუსტრიების მაღალმა რეპუტაციამ, რომელიც ათასობით დასაქმებული ადამიანის შრომის შედეგია, დიდი ბიძგი მისცა ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ კულტურულ, არამედ ეკონომიკურ განვითარებას, რაც საერთო კეთილდღეობის წინაპირობაა“, – აღნიშნულია წერილში.

წერილში ნათქვამია, რომ COVID 19-ის პანდემიამ და მისმა თანმდევმა კრიზისმა საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიები, განსაკუთრებით კი არაინსტიტუციონალური კულტურის წარმომადგენელი დამოუკიდებელი შემოქმედებითი – რეკრეაციული და სოციალური სივრცეები, ორგანიზაციები, გაერთიანებები და არტისტები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა. საგანგებო მდგომარეობამ და საყოველთაო იზოლაციამ, რაც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით არის განპირობებული, შეაჩერა გაერთიანებების საქმიანობა. შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, „რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა“.

გაერთიანება აცხადებს, რომ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და კულტურის სტრატეგია 2025-ის სტრატეგიულ მიმართულებას, „თუმცა დღემდე არ ვფლობთ ინფორმაციას, რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე შემოქმედებითი ინდუსტრიები, არც მის სექტორებში დასაქმებული პირების მონაცემებია ხელმისაწვდომი. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია კორონავირუსის შედეგად, რა ზარალი მიადგა მთლიან ინდუსტრიას ან მის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს“.

„მიგვაჩნია და ვფიქრობთ, ეჭვს არ იწვევს, რომ კრიზისის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს და გადაარჩინოს თანამედროვე კულტურული ეკოსისტემა, რომელიც წარმოდგენილია დამოუკიდებელი სახელოვნებო და რეკრეაციული სივრცეების, შემოქმედებითი კოლექტივების, არტისტული გაერთიანებების, ფესტივალების, კლუბების, მუსიკოსების, დიზაინერების, საგანმანათლებლო სივრცეების, დამოუკიდებელი არტისტებისა და ამ სფეროებში დასაქმებული თითოეული ადამიანის სახით. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კრიზისის დაძლევასა და საერთო მიზნის მიღწევაში“.

გაერთიანება კრიზისის დაძლევის გეგმასაც აქვეყნებს, რომელის შესრულებასაც „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიებისა და დასაქმებული ათასობით ადამიანის არსებობის, განვითარებისა და მომავლისთვის“:

კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანების მოთხოვნა:
– შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და თანამედროვე კულტურული ეკოსისტემის გადასარჩენად შეიქმნას გადაუდებელი ფინანსური დახმარების პაკეტი.
– კულტურის სფეროში მომუშავე პირები უზრუნველყოფილი იქნან უმუშევრობის და სხვა სოციალური სარგებელით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შტატგარეშე დასაქმებულ ადამიანებსა და თვითდასაქმებულებს, სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, ახალგაზრდებს, უმცირესობებს.
– გადაუდებელი დახმარება გაეწიოს კულტურის სფეროში დასაქმებულ, როგორც ინსტიტუციონალიზებულ, ასევე დამოუკიდებელ სპეციალისტებს; აგრეთვე მცირე და საშუალო შემოქმედებით გაერთიანებებს საგადასახადო შეღავათების, სესხების, მიკროკრედიტების, ზარალის ანაზღაურების სახით.
– საფინანსო ინსტიტუტებთან და მეიჯარეებთან ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა;
– საშემოსავლო და ქონების გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
– არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
საპენსიო გადასახადის შენატანის დროებით შეჩერება მომავალი 12 თვის განმავლობაში;
– საბანკო სესხების შეჩერების გახანგრძლივება კიდევ 6 თვით, ან სანამ ბიზნესები სრული დატვირთვის არამოქმედდება;
– საკრედიტო დახმარება არსებულ ბიზნეს ერთეულებს კომერციული ბანკებიდან დაბალ პროცენტიანი სესხის მიღებისას (დაახლოებით ისევე, როგორც ამას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო, როდესაც 90% სესხის გარანტიას იძლევა „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში);
იჯარის ⅓ სუბსიდირება და მეიჯარეებისთვის დარიცხული გადასახადების გადავადება.

„გვჯერა, რომ საქართველოს სახელმწიფოს გათავისებული აქვს ქვეყნის კულტურის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საერთაშორისო რეპუტაციის მშენებლობაში შემოქმედებითი ინდუსტრიისა და მის სექტორებში დასაქმებული ათასობით ადამიანის როლი. გათავისებული აქვს ამ ადამიანთა მძიმე ყოფა და სწორედ ამიტომ, სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე, უპირობოდ იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნულია წერილში.