კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა 250 000 ლარით დაჯარიმდება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 250 000 ლარი იქნება, ნაცვლად 25 000 ლარისა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კანონი ძალაში 11 იანვრიდან შევა.

„მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას.

ახალი კანონის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: – III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა).

ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ჯარიმები ასევე გამკაცრებულია კულტურის მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული მშენებლობისთვის.

„მინდა ამაზეც მოგაწოდოთ ინფორმაცია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით; მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.