კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ნიკორწმინდის ტაძრის დაზიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

პუბლიკა

3 იანვარს ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ნიკორწმინდის ფოტოსურათები და დაწერა, რომ ტაძრის ფასადის ქვის მდგომარეობა სასწრაფოდ საყურადღებოა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 4 იანვარს უარყო აღნიშნული ინფორმაცია.

თორნიკე ბარათაშვილი წერს, რომ ტაძრის სახურავი ნალექის გადატანას ვერ უზრუნველყოფს და შედეგად, ქვა ზიანდება.

„ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება.

მდგომარეობის გაუარესება თვალშისაცემია.

სახურავი სპილენძისაა და ნალექის დროს წყლის მუდმივი შემხებლობის გამო ქვის შეფერილობაც შეცვლილია.

კლიმატის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თოვლისგან საძირკველთან კედლების გათავისუფლება, რამდენადაც რაჭაში თოვლი იშვიათობა არ არის, აღმავალი ტენის ზრდის რისკებს აპროვოცირებს.

ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ჩრდილოეთ ფასადის მდგომარეობა სადაც თოვლის დნობა პირდაპირ ფუნდამენტში ხდება და გარედან კედელი სველია“, – წერს ის.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია სააგენტოს დაკვეთით 2018 წელს განახორციელა შპს „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ (ნანა კუპრაშვილი).

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემდეგი სამუშაოები: ტაძრის სახურავიდან თუნუქის ბურულის მოხსნა და ჩანაცვლება სპილენძის ფურცლებით, სარკმლებისა და კარების შეცვლა, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები და სამრეკლოს რეაბილიტაცია.

ხსენებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 946175 ლარი.

სააგენტოს თანამშრომლების მიერ ობიექტის მონიტორინგი ბოლოს განხორციელდა 2023 წლის აგვისტოში. შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ, არ შეესაბამება სიმართლეს.

სააგენტო კვლავაც გააგრძელებს ძეგლის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.