კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თეა წულუკიანის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გუგა გოგაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო.
სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არაზუსტს უწოდებს. სააგენტო აცხადებს, რომ მათ დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და ასევე გარკვეული თანხის ოდენობით, კომპენასაციის გადახდა, თუმცა გუგა გოგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნაზე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოცემული ინფორმაცია ყალბია.
პირიქით, სასამართლომ, როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციაში, უარი უთხრა მოქ. გუგა გოგაძეს სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე.
სინამდვილეში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან – 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ასევე, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გოგაძის მოთხოვნა კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გუგა გოგაძე ითხოვდა სააგენტოსთვის კომპენსაციის დაკისრებას 28 800 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს გოგაძის სასარგებლოდ მხოლოდ 3 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც „პუბლიკას“ სოციალური სამართლიანობის ცენტრში უთხრეს, სააგენტოს პოზიცია, რომ თითქოს ყალბია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, გაუგებარია – გაუგებარია, რა არის „ყალბი” და „მეტწილად არასწორი ინფორმაცია”. ორგანიზაცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების შესახებ ბრძანება.
რაც შეეხება თანამდებობაზე აღდგენას, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, სააპელაციო სასამართლოში ეს მოსარჩელის მოთხოვნა არც ყოფილა. მოსარჩელე მხარე მოითხოვდა კომპენსაციის გადახდას, სასამართლომ კი დაადგინა, რომ სააგენტომ მოსარჩელის მოთხოვნილი 28 000 ლარის ნაცვლად 3 000 ლარი უნდა გადაიხადოს. განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაც, თავისთავად, დაკმაყოფილდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ბათილად იქნა ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ხოლო სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა – გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხა. რასაც არც სააგენტო უარყოფს.
თუმცა სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, გოგაძე კომპენსაციას ითხოვდა იმისთვის, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა კი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.