კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებულმა რესტავრატორმა შრომითი დავა მოიგო

პუბლიკა

რესტავრატორმა ანი შეროზიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შრომითი დავა მოუგო, – ამის შესახებ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი იუწყება.

მათი თქმით, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 29 მარტს გამოაცხადა.

„სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ანი შეროზიას სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ანი შეროზია სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ამასთან სააგენტოს ანი შეროზიას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, სააგენტოს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც სააგენტოსთვის დიდი დანაკლისი იქნება. ანი შეროზია სააგენტოში ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალის ერთადერთი რესტავრატორი იყო”, – წერს პროფკავშირი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უკვე მე-19 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.

„წინ კიდევ 70-მდე სარჩელია! ბრძოლა გრძელდება!”, – წერს პროფკავშირი.