კუნძული უნიკალურ საშუალებას მოგვცემს ეკოტურიზმის განვითარებისთვის – ბითაძე „დიღმის ჭალებზე“

პუბლიკა

თბილისის მერიამ 2020 წელს განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პრეზენტაციისას „დიღმის ჭალების“ პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2021-2022 უნდა განხორციელდეს. პარკის მშენებლობისთვის 14 836 147 ლარია გათვალისწინებული და დაახლობით 15 ჰექტარს მოიცავს.

ბითაძის განმარტებით პროექტი მოეწყობა გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ნაგავსაყრელია.

„ტერიტორიის განახლებისა და პარკინგის მოწყობის შემთხვევაში, გვექნება უნიკალური სივრცე, რომელიც მტკვრის ორ ნაპირს დააკავშირებს ერთმანეთთან. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მტკვარში არის კუნძული და გადაშენების პირას მყოფი სახეობა – წავი ბინადრობს, ტურისტული მნიშვნელობისათვის და ქალაქის ურბანული ეკოსისტემის შენარჩუნების მხრივ, ვფიქრობთ გარეულ ცხოველებზე დაკვირვების კუთხით, ეს კუნძული უნიკალურ საშუალებას მოგვცემს ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.