ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, მერიამ შეიმუშავა ახალი საპილოტე პროგრამა, რომელიც თავშესაფარში მყოფი 100 დაბირკული ძაღლის მოვლა-პატრონობის მიზნით ოჯახებისთვის გადაცემას გულისხმობს. ამის შესახებ მან დღეს საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა.
მერის თქმით, „პროგრამა მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება და მისი წლიური ბიუჯეტი 60 000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ოჯახები, რომლებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში თავშესაფრის ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლებს შეიფარებენ და მათ შესაბამის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, მერიისგან ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებენ”.
როგორც „პუბლიკას“ ბათუმის მერიაში განუცხადეს, საკითხს საკრებულოს სხდომაზე ხვალ განიხილავენ.
როგორც დღეს ბათუმის მერმა აღნიშნა, ამ პროგრამას ხუმრობით „კუპატას პროგრამას“ უწოდებენ, ცნობილი ბათუმელი ძაღლის „კუპატას“ გამო, რომელსაც ბათუმის ცენტრალური პარკის წინ ბავშვები ზებრა-გადასასვლელზე გადაჰყავს.