კუპრაძე ასაჯაროებს აუდიოჩანაწერს, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება მათ კანდიდატზე ზეწოლა

პუბლიკა

„ლელო – ძლიერი საქართველო“ ასაჯაროებს აუდიოჩანაწერს, რომლითაც, მათი განცხადებით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ კანდიდატზე ზეწოლის, მუქარის, ძალადობისა და მოსყიდვის მცდელობა.

ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ამის გამო მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ყიზილაჯლოში, კარა ორუჯევმა კანდიდატურა მოხსნა.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით მოხდა.

კუპრაძე ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებას“ „მათი ეშინია”.

„ჩვენ ხელთ გვაქვს ის ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესს, ე.წ. შავ სამყაროს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რომელთანაც თანამშრომლობს „ქართული ოცნება”. – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

აუდიოჩანაწერში, რომელიც კუპრაძემ წარმოადგინა, კარა ორუჯევი ამბობს:

„მე ჩემმა ბიჭებმა გამიკეთეს ეს ამბავი, მე უკვე მრცხვენია შენთან მოსვლის… იქ დიდი ბიზნესმენები არიან, ქურდები. მე ეგენი არ მაინტერესებს, შვილი მუშაობს… ის (ძმის შვილი) მუშაობდა მაგათთან. ჩემი ნათესავი (ძმის შვილი) მაგათთან სპორტდარბაზში მუშაობდა. მაშინ მაგათმა (ბიზნესმენებმა) 100 000 ლარის, 100 000 მეტის იყო, ინვენტარი მისცეს სპორტული დარბაზისთვის. გეფიცები. მერე მითხრეს, 70 წლის ხომ არ ვარ, ახალგაზრდა ვარ, მითხრეს ყველგან იმუშავებ, სადაც ხარ და მეტიც, მერე გამიმეორეს, რაც მანამდე მითხრეს, 4-ის მერე ახალი არჩევნები დაინიშნება, მარტში იქნება საპარლამენტო და იქაც დაინიშნებიო… მე მას ვუთხარი, ყველას პატივს გცემთ, მაგრამ ცხოვრებისეულად ცუდი სახელი გამიკეთეთ… და ამის მერე გამაკეთებინეს განცხადება”.

მანამდე „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ყულარის, პირველი ქესალოს, ყიზილაჯლოსა და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნეს. გარდა ამისა, კანდიდატურა მოხსნა „ლელოს” ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმაც.