კუპრაძე: თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და მისი თანაპარტიელები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე თავისუფლები არიან.

პოლიციის დატოვების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ჩამოართვეს ლაზერი, რომელსაც პარლამენტს ანათებდნენ, მისი ფლობისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს ბექა ბერიძიშვილი, ხოლო საქმის წარმოება დაიწყეს დანარჩენი სამი პირის მიმართ.

„აქციიდან მივდიოდით სახლებისკენ. ვარაზისხევზე გაგვაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა, მერე შემოუერთდა დაბურული მინებით ავტომობილი, კიდევ ორი ეკიპაჟი. სავარაუდოდ, თავიდანვე განზრახული ჰქონდათ ჩვენი დაკავება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ივანიშვილს ეშინია ლაზერის, რომელიც ანათებდა პარლამენტის შენობას… ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ლაზერი არის დაკავებული.

ბექა ბერიძიშვილი დააჯარიმეს 2000 ლარით და ჩვენ სამზე დაიწყო საქმის წარმოება, რა ტიპის წარმოება – ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა კუპრაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში.

ბექა ბერიძიშვილის თქმით, აქციაზე ლაზერის აკრძალვის მიზანია პოლიციელის ხელშეშლის აღწერა, მისი ლაზერი კი პარლამენტის კედელს ანათებს და ხელს არავის უშლის. მისი თქმით, პოლიციამ ურჩია, რომ ჯარიმა გაასაჩივროს.