კუპრაშვილის განცხადებით, ორგანიზაციებიდან ინფორმაცია გაცხადებული პოლიტიკური სუბიექტების გამოსავლენად გამოითხოვეს

პუბლიკა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაგზავნილ მოთხოვნასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგზე მან განმარტა, რომ 5 არასამთავრობოდან ინფორმაციის გამოთხოვა ამ ორგანიზაციებში პოლიტიკური საქმიანობის გამოვლენას უკავშირდება.

კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია არ სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს და მიმართულია მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.

„მოგეხსენებათ, ანტიკორუფციული ბიურო, კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს, ასევე საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს.

ვახორციელებთ გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, ასევე მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგს. კანონის უზენაესობის და აღსრულების პროცესში, ბიურო უფლებამოსილია, გამოითხოვოს საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, დღეს ორგანიზაციების მხრიდან გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას.

„მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას […] სამწუხაროა, რომ კეთილ საქმეებს ამოფარებული ზოგიერთი მდიდარი NGO-ს წარმომადგენელი ცდილობს, თავი აარიდოს გამჭვირვალობას და განახორციელოს არადეკლარირებული პოლიტიკური საქმიანობა. ბიუროს მიზანი კვლავაც იქნება, ვამხილოთ ეს მცდელობა და საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

მისივე თქმით, ის რომ ბიურო ორგანიზაციებისგან ბენეფიციარების პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს, ტყუილია.

„დღეს გავრცელდა ძალიან არასასიამოვნო და ტყუილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სასამართლო განჩინებით ჩვენ მოვითხოვეთ მათი საქმიანობიდან გამომდინარე სხვა ბენეფიციარების, ეს როგორც სამართლებრივი ადვოკატირების პროცესში თუ ჯანმრთელობის კუთხით, ისეთი პერსონალური ინფორმაციის ამოღება ამ ორგანიზაციებისგან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ჩვენ მოვითხოვეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება საბანკო ამონაწერებს, საგადასახადო ორგანიზაციებიდან მოვითოვეთ ინფორმაციები და ასევე ამ ორგანიზაციებს მოვთხოვეთ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ის სამართლებრივი დოკუმენტები, რაც უკავშირდება ხელშეკრულების აღსრულებას.

სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიღაცა ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია მოვითხოვეთ. ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ადვოკატირებასთან დაკავშირებით, ადვოკატის საიდუმლოს გამჟღავნებასთან გაკეთებულ განცხადებას. მსგავსი მოთხოვნები არაა დაყენებული“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა

„პუბლიკა“ გაეცნო „სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის“ გაგზავნილ 6-გვერდიან ბრძანებას.

ბრძანების მიხედვით, ორგანიზაციას დაევალა, ბიუროს გაუგზავნოს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში დადებული ან/და მოქმედი ყველა საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება.

მათ შორის, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების შესახებ ინფორმაციას, სახელს, გვარს, პირადი ნომერს, აქტივობების ამსახველ ვიდეო- და ფოტომასალებს.

„გამოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობის, მიზნის, განხორციელების თარიღის, ადგილის, დროის, ბენეფიციარების, მონაწილე პირების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიღწეული შედეგებისა და აქტივობების ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალის მითითებით; 

ხელშეკრულების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობის, მიზნის, განხორციელების, თარიღის, ადგილის, დროის, ბენეფიციარების, მონაწილე პირებისა და მიღწეული შედეგების მითითებით;“, – აღნიშნულია ბრძანებაში. 

ერთ-ერთ პუნქტში კი ვკითხულობთ, რომ ფონდიდან გამოითხოვეს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდის შესაბამისი კორესპონდენციისა და მასთან დაკავშირებული მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება კორესპონდენციის სახით (მათ შორის, მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილებების/ დამატებით ამსახველი დოკუმენტაცია).

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, მაგალითად, ორგანიზაცია „საფარში“, კუპრაშვილი ამბობს, რომ მათი მიზანი სწორედ ამის გამორკვევაა.

„იმისთვის, რომ ჩვენ გამოვარკვიოთ, „საფარში“ ვინ არის პოლიტიკურად განცხადებული სუბიექტი, ამისთვის ვაწარმოებთ მოკვლევას იმ სამართლებრივი მექანიზმებით, რაც კანონმდებელმა მოგვანიჭა, შესაბამისად, ეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება, გამოვლინდება თუ არა გაცხადებული პოლიტიკური სუბიექტი კონკრეტულ ორგანიზაციაში“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის თქმით, ბიურო უფლებამოსილია, 3 თვის განმავლობაში ჩაატაროს წარმოება და მივიდეს გადაწყვეტილებამდე.

 კუპრაშვილის თქმით, როცა ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, არ უნდა განიხილებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების არაღსრულება. 

შეკითხვაზე, თუ ორგანიზაციები არ გასცემენ ინფორმაციას, რა მოხდება, ბიუროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ საპროცესო კოდექსი იძლევა საშუალებას, განახორციელონ სხვა ქმედითი, სამართლებრივი მოქმედებები, რომელიც გამოარკვევინებს სამართლებრივ მდგომარეობას იმ საქმეებზე, რაზეც წარმოებაა დაწყებული.

შეკითხვაზე, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე, რომლებმაც თქვეს, რომ არ აღასრულებენ მოთხოვნას, კუპრაშვილმა განმარტა, რომ ეს მათი მოქმედების მანდატი არაა.


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ 17 ივნისს „რუსული კანონების” აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.

NGO-ები ამბობენ, რომ არ აპირებენ პერსონალური მონაცემების გაცემას, „თუნდაც ამას დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“.

ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით,  კორუფციის შესახებ კანონით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონითა და გრანტების შესახებ კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოსცეს ბრძანება ინფორმაციის გამოთხოვაზე.

სასამართლომ ბიუროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბიუროს მიერ მოთხოვნილია კომერციული ბანკებისგან 2024 წლის 1 იანვირდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით განხორციელებული ყველა ტრანზაქცია, ორგანიზაციებისგან  ამავე პერიოდში – ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები; ყველა ტიპის ხელშეკრულება/შეთანხმება; ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში დადებული ნებისმიერი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია; ბენეფიციარების, მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია; ინფორმაცია იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობა გამომდინარეობს ხელშეკრულების მიზნებიდან; კორესპონდენცია და ა.შ.