17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნით, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცა.
მოსამართლის ბრძანებებში, რომლებიც ორგანიზაციებს მიუვიდათ, ინფორმაციის გამოთხოვის ფაქტობრივი საფუძველი მითითებული არ ყოფილა და ამიტომაც, ორგანიზაციებმა სასამართლოდან გამოითხოვეს ბიუროს შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც სასამართლომ განჩინება/ ბრძანება მიიღო.
შუამდგომლობის ტექსტი ორგანიზაციებს გუშინვე გადაეცათ. „პუბლიკა“ დოკუმენტს გაეცნო, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ შუამდგომლობა 11 ივნისს შეიტანა.
„ინფორმაციის გამოთხოვის პირველ საფუძვლად დასახელებულია ის, რომ ჩვენ ვატარებდით როგორც არჩევნებზე დაკვირვების, ისე – არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის ხელშემწყობ (ე.წ. Get out to vote) კამპანიებს. ანუ, ბიუროს იმპლიციტური პოზიციით, არჩევნებზე დაკვირვებაც და არჩევნებზე წასვლის პოპულარიზაციაც პოლიტიკურად საშიშ, მომეტებული ზედამხედველობის საჭიროების მქონე ქცევად არის აღქმული, რომლის განმახორციელებლებსაც დამატებითი ვალდებულებები უნდა დაუწესდეთ.
შეგახსენებთ, რომ ეს ხდება კონტექსტში, სადაც რეჟიმი არ აპირებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას, ბრიტანეთის საელჩოს კი არ აძლევენ სადამკვირვებლო მისიების ხელშეწყობის უფლებას. მეტიც, უკვე რამდენიმე დღეა ამას პოლიტიკური ექსტრემიზმის დაფინანსების მცდელობას უწოდებენ. ძალიან მარტივი დასანახია, რომ არავითარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე არ აპირებს. და საერთოდაც, თუ დასცალდათ, ერთ მშვენიერ დღეს, ერიტრეის სტილში სრულად რომ გააუქმონ არჩევნები, დიდად არც ეგ გაგიკვირდეთ – აქეთ მიდიან“, – წერს ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.
რა წერია ბიუროს შუამდგომლობაში?
დოკუმენტი 13-გვერდიანია და რაჟდენ კუპრაშვილის სამსახური სასამართლოს 4 კანონზე მიუთითებს – „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“, „გრანტების“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“. საგულისხმოა, რომ „ოცნების FARA” მოსამართლეს ბრძანების ტექსტში გატანილი არ აქვს.
ამავე შუამდგომლობაში ბიურო მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საჭიროდ ჩათვალა ფონდის საქმიანობის შესწავლა და ზემოთ ჩამოთვლილ კანონებთან შესაბამისობის შემოწმება.
- მტკიცებულებებში მოტანილია ფონდის წესდება.
- მტკიცებულებების სახით, ფონდის გვერდიდან წარმოდგენილია ინფორმაცია საგრანტო კონკურსების გამოცხადებაზე „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ფარგლებში.
- მტკიცებულებას წარმოადგენს 2023 წლის 23 ნოემბერს სოციალურ ქსელში გვერდის „შენი ხმა ევროკავშირს“ შექმნაც. კამპანიის მიზანი იყო საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება, ევროკავშირის სიკეთეების გაცნობა და პროდასავლელი ამომრჩევლის მობილიზაცია;
ასევე – კოალიციის ქოლგის ქვეშ მასშტაბური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება.
„ჩემი ხმა“ მოიცავს წინაასარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას, წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ერთობლივი ძალებით დაკვირვებას. ამომრჩეველთა ხმების დაცვას, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან საარჩევნო საკითხებზე თანამშრომლობასა და საარჩევნო საკითხებზე მათ ინფორმირებას.
კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქში გაიმართა შეხვედრები. Facebook-გვერდის საშუალებით ვრცელდებოდა სხვადასხვა შინაარსის ვიდეო-რგოლები სახელწოდებებით“ „ცვლილებებს იწყებ შენ!“ და „რაც აღარ მუშაობს, უნდა შეცვალო“.
- ასევე მტკიცებულებად არის წარმოდგენილი 2024 წლის 4 ივნისს აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში გამართული შეხვედრა, სადაც ფონდის ევროკავშირის ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე სიტყვით გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „დემოკრატიის უკან დახევის“ პროცესი უწოდა.
- მტკიცებულებებს შორისაა – 2024 წლის 2 სექტემბერს თბილისში, გამართულ კონფერენციაზე ქეთი ხუციშვილის სიტყვით გამოსვლა, სადაც მან განაცხადა, რომ „ახლა ქართველი ხალხის წინაშე დგას არჩევანი ევროატლანტიკურ სწრაფვასა და რუსულ გავლენას შორის“.
მტკიცებულებათა ჩამონათვალში ვაწყდებით პროექტი „შინ ევროპისკენ“ დაფინანსებას, რომელიც, ბიუროს შეფასებით, საზოგადოების პოლიტიკური შეხედულებების ფორმირებას ისახავდა მიზნად.
პროექტის მიზანი იყო, „ქართული საზოგადოების გაერთიანება ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის გარშემო და ევროკავშირში გაწევრიანების იდეის პოპულარიზაცია სამიზნე ჯგუფებში“.
- მტკიცებულებათა ჩამონათვალში მოხვდა ინფორმაცია ისეთი პროექტების დაფინანსების შესახებაც, რომელთა მიზანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის ხელშეწყობა იყო. აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესების მონიტორინგი და მონტორინგის მიგნებების შესაბამისად, რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება.
- ასევე – სხვადასხვა დროს ფონდის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებები, მაგალითად, 2025 წლის 10 თებერვლის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში რეპრესიებია, კანონმდებლობა მკაცრდება, სიტყვის თავისუფლება იზღუდება, პუტინის რუსეთის ანალოგიური დიქტატურა მყარდება“.
- აქვე ვხვდებით ინფორმაციას 2025 წლის 4 ივნისს ევროპარლამენტის სხდომაზე ქეთი ხუციშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებაც.
17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ.
ბიურო ინფორმაციის გაცემას ორგანიზაციებისგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე მითითებით მოითხოვს.
ბიურო ორგანიზაციებს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდის ინფორმაციას სთხოვს.
ორგანიზაციების შეფასებით, მოთხოვნა არ ეყრდნობა „სამართლებრივ საფუძვლებს“ და არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“.
ორგანიზაციები სასამართლოს ბრძანებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ 5 არასამთავრობოსგან ინფორმაციის გამოთხოვა ამ ორგანიზაციებში პოლიტიკური საქმიანობის გამოვლენას უკავშირდება.
კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია არ სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს და ემსახურება მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას.