კურაციო: 2013-2020 წლებში მკვეთრად იმატა გადაუდებელი ოპერაციების მოხმარებამ

პუბლიკა

საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის XV ტალღის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა სამედიცინო სერვისების ბაზარსა და ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს შეისწავლის. ბარომეტრი საქართველოში საყოველთაო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს სამედიცინო ბაზრის ხარვეზებს შეისწავლის და მიზნად ისახავს, ისაუბროს პრობლემების აღმოფხვრის შესაძლო მექანიზმზე. ბარომეტრის XV ტალღა ეყრდნობა სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციების მიერ საჯარო სივრცეში განთავსებულ ინფორმაციას. კვლევის ძირითადი მიგნებებია:

  • საქართველოს მასშტაბით, გაუმჯობესდა გეოგრაფიული მისაწვდომობა სამედიცინო დაწესებულებებთან. კერძოდ, უზრუნველყოფილია ხელმისაწვდომობა 30-წუთიან სავალ მანძილზე. 100,000 და მეტი რიცხოვნობის მუნიციპალიტეტში უახლოეს მესამე სამედიცინო დაწესებულებამდე მისასვლელი დრო საშუალოდ 3-4 წუთს შეადგენს, რაც 24 წუთამდე იზრდება პატარა ქალაქებში.
  • გაზრდილია სამედიცინო სერვისების მოხმარება, თუმცა უფრო მეტად სტაციონარულ დონეზე – 2013-2020 წწ.-ში 33%-ით გაიზარდა ამბულატორიულ დაწესებულებებში 1 სულ მოსახლეზე ვიზიტების რაოდენობა, თუმცა ამავე პერიოდში სტაციონარული სერვისების მოხმარება უფრო მაღალი, 40%-იანი ზრდით ხასიათდება. მათ შორის, ამ პერიოდში მკვეთრად იმატა გადაუდებელი ოპერაციების მოხმარებამ, გეგმურთან შედარებით.
  • საქართველოში წამყვანი ჰოსპიტალიზაციის მიზეზების მიხედვით, სტაციონარიზაციის მაჩვენებელი 3-4-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მეტყველებს პირველადი ჯანდაცვის სისტემის რგოლის გაძლიერების საჭიროებაზე.
  • სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია – ძვირადღირებული სტაციონარული სერვისების უტილიზაციის მკვეთრი მატების პირობებში, სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან არაკონტროლირებადი დანახარჯები. გაზრდილი დანახარჯების მიუხედავად, შინამეურნეობების წილი, რომლებიც ჯანდაცვაზე ჯიბიდან კატასტროფულ დანახარჯებს წევენ, წლიდან წლამდე მზარდია.