„კურაციოს“ პროგნოზი მომავალ 10 დღეში საქართველოში შესაძლო ინფიცირებულთა რაოდენობაზე

პუბლიკა

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ეპიდსიტუაციაზე დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ექსპერტთა მოსაზრებებია წარმოდგენილი.

ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში ეპიდემიის დღიური ზრდის ტემპი კვლავაც წრფივია და ერთი დღის ნახტომმა [როცა 30 მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 24 საათის განმავლობაში] საზოგადოებაში გააჩინა ეჭვებიც და გარკვეულად მცდარი მოლოდინები-შიშებიც შექმნა.

„ერთი დღის მონაცემებზე აჟიოტაჟი არ ღირს და იმასაც უნდა ველოდოთ, რომ, როდესაც საქართველო ეპიდემიის პიკს გადაივლის, მაშინაც იქნება დღეები, როცა დადასტურებული შემთხვევების ნახტომებს დავინახავთ, რამაც არც ჟურნალისტები და არც საზოგადოება არ უნდა შეაშინოს, მით უმეტეს ექსპერტები და სახელმწიფოს მესვეურები.“ – წერს „კურაციო“.

ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ 10 დღეში ინფიცირებულთა შესაძლო რაოდენობის პროგნოზირება რთულია და მომდევნო 10-14 დღის განმავლობაში უნდა გამოვლინდეს ბზობისა და აღდგომის დღესასწაულების გავლენა [ასეთის არსებობის შემთხვევაში]

„თუ დღესასწაულების პერიოდში დისტანცირებისა და ჰიგიენის წესები მასობრივად არ დაირღვა, მაშინ, სავარაუდოდ, მომდევნო ათ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1000 შემთხვევის ფარგლებში იქნება. სხვა შემთხვევაში, ალბათ, შემთხვევათა ექსპონენციურ ზრდას მივიღებთ. თუ ზუსტად რა მოხდება, დღეს ამის თქმა შეუძლებელია და, ალბათ, ყველა ერთად უნდა დაველოდოთ. ვფიქრობთ, მომავალი 1-10 მაისის პერიოდი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მისი ჯანდაცვის სისტემისთვის: ან შევინარჩუნებთ იმ ქვეყნის სახელს, რომელიც ეფეტიანად უმკლავდება ეპიდემიას ან ვერა. ამიტომ, უმჯობესი იქნება, სისტემის ყველა რგოლი მზადყოფნაში გვქონდეს, რომ, თუ ეპიდემიის გავრცელებამ არასასურველი ტრაექტორია შეიძინა, შევძლოთ დარტყმის ადეკვატურად გამკლავება.“ – წერს „კურაციო“.

„კურაციოს“ 10 დღის წინანდელი მოლოდინი გამართლდა და 21 აპრილისთვის შემთხვევების რაოდენობამ 500-ს არ გადააჭარბა.

წარმოდგენილ დოკუმენტში „კურაციო“ წერს, რომ საქართველოში ვირუსის რეპროდუქციის საშუალო მაჩვენებელი 1.63 ± 0.28-ია (ხოლო 21 აპრილის მდგომარეობით – 1.68 ± 0.15). რაც იმაზე მიუთითებს, რომ ერთი პაციენტი, საშუალოდ, 1.63 ადამიანს აავადებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ  ეპიდემიის ზრდის გარდატეხისგან ჯერ შორს ვართ.

„ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი დროში განგრძობილად ერთზე ქვემოთ ვერ ჩამოვწიეთ, რაც  ეპიდემიის ჩასაქრობად აუცილებელია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მივიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ინფექციის გავრცელების ძალიან ადრეულ ეტაპზეა, და ეპიდემიის გარდატეხაზე საუბარი ნაადრევია. ამასთანავე, მოსალოდნელი ეპიდემიის პიკი საქართველოში, ჯერჯერობით, გაბრტყელებულია (არა დადაბლებული).“ – წერს „კურაციო“.