კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დამატებითი ევაკუაცია გამოცხადდა

პუბლიკა

ორშაბათს რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლებებიდან დამატებითი ევაკუაციის ბრძანება გასცა. მსგავსი განცახდება გააკეთა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა.

„ჩვენ შემაშფოთებელი დილა გვაქვს – შეინშნება მტრის აქტივობები კრასნოიარუჟსკის დასახლებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ყველაფერს გააკეთებენ ამ საფრთხესთან გასამკლავებლად. მაგრამ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიწყებთ მათ უსაფრთხო ადგილებში რელოკაციას”, – განაცხადა მან.

ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა კურსკის ოლქის ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმაც, ნიკოლაი ვოლობუევმა, რომელმაც თქვა, რომ ადგილზე „სიტუაცია ძალიან დაძაბულია”. მანამდე, 10 აგვისტოს ვოლობუევმა დაწერა, რომ მოქალაქეები ტერიტორიას ნებაყოფლობით უკვე ტოვებდნენ. მისი თქმით, მათ შეეძლებათ კურსკში მოწყობილ დროებით თავშესაფრეფში დარჩენა.

6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა 6 აგვისტოს გაავრცელეს ცნობები, რომ რუსმა მესაზღვრეებმა და FSB-ის თანამშრომლებმა მოიგერიეს უკრაინელი სამხედროების შეტევა. მათი მტკიცებით, რუსეთში ბატალიონის ზომის სამხედრო დაჯგუფების შეჟონვა მოხდა ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას მიმართულებით.

ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორობის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა „აღმოფხვრან რეგიონში მტრის შეჭრის შედეგები“.

რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა „უნდა იგრძნოს”, რაც უკრაინას გაუკეთა.