კვალიფიკაცია შეიცვალა, ორგანიზებულობა და ჯგუფურობა დარჩა | რა შეიძლება იყოს სხვაობა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მათ ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; პროკურატურა სამივეს 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას სდებდა ბრალად.

დანარჩენ 5 ბრალდებულს: ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევსა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ პირებს პროკურატურა 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

მათი პატიმრობის ვადა დაკავების მომენტიდან აითვლება. ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ ერთ წელსა და სამ თვეს გაატარებს, ნაწილი კი – ერთ წელსა და 9 თვეს.

რას ითვალისწინებს ახალი – 226-ე მუხლი

სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

მუხლის შემადგენლობის მიხედვით, ჯგუფური მოქმედება:

  • უხეშად უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს;
  • ან დაკავშირებული უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან;
  • ან უნდა იწვევდეს ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებას.

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

რას ითვალისწინებს თავდაპირველი – 225-ე მუხლი

ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა:

  • რასაც თან ახლავს ძალადობა;
  • რბევა;
  • სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება,
  • იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა;

რა აერთიანებს და რა განასხვავებს ამ ორ მუხლს ერთმანეთისგან და არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები 226-ე მუხლისთვის?  – ადვოკატებს ამ საკითხის შეფასება ვთხოვეთ. 

ორგანიზებულობა და ჯგუფურობა – ადვოკატების თქმით, ახალი მუხლი ამ ორივე კომპონენტს ითვალისწინებს, რაც მათი თქმით, სასამართლო განხილვების განმავლობაში ვერ დადასტურდა.

ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე განმარტავს, რომ სასამართლომ, მიღებული გადაწყვეტილებით, დატოვა ძალაში ორგანიზებულობისა და ჯგუფურობის კომპონენტი. მისი თქმით, მოსამართლემ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო და 225-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ნაცვლად შედარებით ნაკლები სასჯელის მისჯის შესაძლებლობა გამოიყენა, თუმცა მას საკმარისი მტკიცებულებები არც ამისთვის ჰქონდა.

„ჩვენ ვამბობდით [პროცესების დროს], რომ საქმეში არც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ელემენტები იყო და არც მტკიცებულებები; და არც ჯგუფურობა არ დგინდებოდა. ჩვენ ვდაობდით, რომ ფიზიკურად არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც ორგანიზებას ადასტურებდა, და მეორე მხრივ, ფიზიკური პირი, რომელიც ამ ორგანიზების შედეგად რაღაც ქმედებას ახორციელებდა. ეს ელემენტები დატოვა სასამართლომ [ახალ მუხლზე გადაკვალიფიცირებითაც].

[ამ ორი მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს შორის სხვაობა არის] დაცვის ობიექტი… თითქოს, საზოგადოებრივი წესრიგი დაირღვა“, – თქვა ჭიკაიძემ.

ადვოკატის თქმით, მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას სამართლებრივად არც ერთი საფუძველი არ ჰქონდა. ის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე, რომელიც 11 პირის საქმეში ონისე ცხადაძეს იცავს, ამბობს, რომ სასამართლომ, სავარაუდოდ, ძალადობის კომპონენტის შეფასების ნაწილში მიიღო გადაკვალიფიცირების გადაწყვეტილება. მას მიაჩნია, რომ მთავარ განმასხვავებელად ამ ორ მუხლს შორის შეიძლება მივიჩნიოთ ძალადობის ფორმა/ძალადობრივი მოქმედების ხასიათი/ძალადობივი მოქმედების გამოხატულება ანუ რაში გამოიხატა ძალადობა.

„225-ე მუხლში აუცილებლად სახეზე უნდა იყოს ძალადობა, ამის გარეშე მუხლის შემადგენლობა გამორიცხულია, ხოლო 226-ე მუხლის შემადგენლობა შესაძლებელია ცალსახა ძალადობის ფორმის გარეშეც, თუმცა გადაჭრით ამის თქმაც არ შეიძლება, ვინაიდან შესაძლებელია, რიგი ძალადობრივი მოქმედებაც იყოს სახეზე. მნიშვნელოვანია, სასამართლო განაჩენში რას დაარქმევს ჯგუფურ მოქმედებას, რომელშიც, შესაძლოა, მოიაზრებდეს ძალადობრივ კომპონენტსაც”, – ამბობს ის.

ადვოკატი ხაზგასმით ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია – სასამართლო განაჩენში როგორ დაასაბუთებს ორგანიზებული ხასიათის ჯგუფურ მოქმედებას, ძალადობრივი კომპონენტით თუ ძალადობრივი კომპონენტის გარეშე.

ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე ვარაუდობს, რომ კაძელაშვილის, კასრაძისა და ცეცხლაძის შემთხვევაში სასჯელის განსხვავებული ზომა იმან განაპირობა, რომ ისინი მოსამართლემ ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორებად მოიაზრა.

ის განმარტავს, რომ 225-ე მუხლის მსგავსად 226-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაც ორგანიზებული დანაშაულია და ორგანიზებულობის დასამტკიცებლად არ გამოკვეთილა ჯგუფის შეკავშირების ან ბრძანების მიცემის მტკიცებულება.

„[მოსამართლემ თქვა] 225-ე მუხლს სჭირდება ბევრი ელემენტი იმისთვისო, რომ ეს დადგინდეს და ადამიანის ბრალეულობაზე მიუთითებდესო.

ამ მსჯელობიდან გამომდინარე, თითქოსდა გადააკვალიფიცირა ისეთ ქმედებაზე, რომელსაც ეს ელემენტები არ სჭირდება, თითქოსდა, 226-ე მუხლს არ სჭირდება წინასწარი შეკავშირება, როლების განაწილება, ერთი მიზნის ქვეშ ყოფნა, იმ რეალობაში, როდესაც მანდაც მითითებულია ჯგუფური ქმედების ორგანიზება, რამაც გამოიწვია ინსტიტუტების მუშაობის შეფერხება, რისი საფუძველიც არ არსებობს… მაინც იქ მივდივართ, რომ ჯგუფი უნდა იყოს; რომ ვიღაც ორგანიზატორი უნდა იყოს.

…225-ე მუხლსაც სჭირდება ორგანიზება და 226-ე მუხლსაც სჭირდება ორგანიზება.

თუ იმაში შევყვებით, რომ წინასწარ ორგანიზებული არ არის, მაინც ორგანიზებულ ჯგუფზე მივდივართ, მაინც იქამდე მივდივართ, რომ არანაირი მტკიცებულება შეკავშირების, ბრძანების მიცემის არ არის.

ვიღაც მაინც უნდა იყოს, ერთი ადამიანი, რომელიც ადგილზე გასცემდა მითითებებს. თუ ისე არის, რომ ამ ჯგუფში ყველა თანასწორი იყო და ასე შეიკრიბნენ, მაშინ ვასილ კაძელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს და ვეფხია კასრაძეს რატომ მიესაჯა 2 წელი და 6 თვე? მაშინ მაინც ამბობს [სასამართლო], რომ ორგანიზება იყო, მაგრამ ამას რით ასაბუთებს? წარმოუდგენელია, რომ ეს განაჩენი რამე სახით დასაბუთებული იყოს“, – განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

ადვოკატების თქმით, წამოჭრილ საკითხებზე პასუხები წესით მოსამართის განაჩენში უნდა აისახოს და დასაბუთებული გადაწვეტილების ჩაბარების შემდეგ მეტად მკაფიო განცხადებების შესაძლებლობა ექნებათ.

„გავასაჩივრებთ“ – პროკურატურა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა პროკურატურა.

უწყების განცხადებით, ბრალის შეცვლის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პროცესზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება. აგრეთვე დაზიანდა თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს პროკურატურა.