კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ქარის ელექტროსადგური საფრთხეს უქმნის ფასკუნჯის ისედაც მცირე პოპულაციას - „საბუკო“

პუბლიკა

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „საბუკოს“ შეფასებით, კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა ფასკუნჯების საცხოვრებელ გარემოს დააზიანებს და საქართველოში ამ ფრინველის ისედაც მნიშვნელოვნად შემცირებულ პოპულაციას ახალ საფრთხეს უქმნის.

„ფასკუნჯის ბუდეები საპროექტო ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. დაშორება ქარის პირველ ტურბინასა და ფასკუნჯის ბუდეს შორის, მხოლოდ 300 მეტრია! მაშინ, როცა ტერიტორიული ფასკუნჯის წყვილებსა და ტურბინებს შორის მიზანშეწონილი, უსაფრთხო, მანძილი მინიმუმ 15 კილომეტრია.

აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეს პროექტის განმახორციელებლები თავადაც აღიარებენ. მათ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქარის სადგურს გაცილებით დიდი გავლენა ექნება ფრინველებსა და ხელფრთიანებზე ექსპლუატაციის ფაზაზე, რომელიც გამოიწვევს „მაღლა მფრენ სახეობათა მუდმივ განადგურებას“.

ამასთან, კვერნაკის ქედის ის ნაწილი, რომელზეც ტურბინები და ელექტროგადამცემი ხაზები მოეწყობა, გადაიქცევა მუდმივ საფრთხედ, როგორც საქართველოს, აგრეთვე, საერთაშორისო კონვენციებით დაცული ფრინველებისა და ხელფრთიანებისთვის“, – წერს „საბუკო“.

ფასკუნჯი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული და საბუკოს მიხედვით, კვერნაკის „ზურმუხტის“ საიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა. „ზურმუხტის ქსელი“ კი ბერნის კონვენციით შექმნილი ტერიტორიების ერთობლიობაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონვენციით დაცული სახეობებისთვის. სწორედ კვერნაკის ქედზე გეგმავს შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდი“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას.

„საბუკოს“ განცხადებით, კვერნაკის საიტზე იგეგმება მეორე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაც, რომელიც დამატებით საფრთხეს ქმნის ფასკუნჯის პოპულაციისთვის.

„ორივე პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კვერნაკის საიტზე ჯამში მინიმუმ 27 ქარის ტურბინას მივიღებთ, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ქედზე გავრცელებული სახეობებისთვის.

მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ასპექტების შეფასების/შესწავლის გარეშე და გათვალისწინებული არ არის ალტერნატიული ადგილები ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის“, – ნათქვამია „საბუკოს“ განცხადებაში.