კვიციანს სურს, პარლამენტმა დისტანციურად არამხოლოდ კორონავირუსის დროს იმუშაოს

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილავენ ინიციატივას, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, საპარლამენტო საქმიანობა დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში წარმართოს.

დეპუტატები დაინტერესდნენ, როგორ არის შესაძლებელი ამ ინიციატივის განხორციელება, ჰქონია თუ არა მას პრეცედენტი და რამდენად დაცული იქნება ელექტრონული სისტემა, რომლითაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანო განსაკუთრებული ვითარების დროს იმუშავებს.

„საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ემზარ კვიციანმა წარმოადგინა მოსაზრება, რომ დისტანციური მუშაობის რეჟიმი არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებს, რიგგარეშე სხდომებსაც შეეხოს.

„ძალიან ხშირ შემთხვევაში წასულია ხალხი ქალაქიდან, რიგგარეშე როცა ტარდება. ესეც შეიძლება, რომ შეტანილი იქნას. იდეა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ეს გაამართლებს აუცილებლად. დღევანდელი საშუალებებით, რაც არის ტექნოლოგიურად, არა მგონია, ეს გაჭირდეს. არჩევნებსაც თუ გადავიტანთ ამ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.