კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის მიიღებს საქართველო Covax-იდან ვაქცინას

პუბლიკა

Covax-პლატფორმაზე ვაქცინის განაწილების შესახებ პირველი რაუნდის დოკუმენტი გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129,600 და ფაიზერის 29,250 დოზა არის გამოყოფილი. დოკუმენტში მოცემული დოზების განაწილება 2021 წლის თებერვალი-მაისის პერიოდს ითვალისწინებს (თუმცა 1 თვის წინანდელ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ პირველი რაუნდისთვის საქართველოს „ასტრაზენეკას“ 184 800 დოზა უნდა მიეღო).

„სია კვირის ბოლოსთვის განახლდება, სადაც მითითებული იქნება თებერვალი-მარტისა და აპრილი-მაისისთვის გამოყოფილი დოზების მიწოდების კონკრეტული ვადები. ეს ვადები სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ადგილობრივ რეგულაციებზე, დოზების შენახვის შესაძლებლობაზე, ვაქცინაციის გეგმაზე და ა.შ.“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „როგორც თებერვლის დასაწყისში ითქვა, „ფაიზერის“ 1,2 მილიონი დოზის მიწოდება წევრი ქვეყნებისთვის, სავარაუდოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში მოხდება“, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, როდის მიაწვდიან ქვეყნებს „ფაიზერის“ დოზებს.

სავარაუდოდ, რამდენ ადამიანს ეყოფა საქართველოში პირველი რაუნდის ფარგლებში მიღებული დოზები

დოკუმენტში მოცემული მონაცემების მიხედვით, თუკი საქართველო პირველ ეტაპზე მხოლოდ „ასტრაზენეკას“ 129,600 დოზას მიიღებს (იმის გათვალისწინებით, რომ სრულად ასაცრელად ვაქცინის ორი დოზის მიღებაა საჭირო), ვაქცინაციას 64 800 ადამიანი შეძლებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „ასტრაზენეკას“ დოზებს „ფაიზერის“ 29,250 დოზა დაემატება, ვაქცინაციას დამატებით 14 625 ადამიანი შეძლებს.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე უნდა აიცრას:

  • 46 420 ჯანდაცვის სექტორის მუშაკი;
  • 1 560 ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარი და პერსონალი;
  • 75 წელს გადაცილებული 136 080 პირი.

საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად ვაქცინაციის ეროვნული გეგმა გათვლილია სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ზე. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სულ 1,691,214 ადამაინი უნდა აიცრას. საქართველო Covax-პლატფორმიდან 1.4 მილიონ დოზას ელოდება, რაც მოსახლეობის 20%-ის (700 ათასი ადამიანის) აცრისთვის არის საკმარისი.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი – 4 მილიონი აშშ დოლარი და როგორც გუშინ გახდა ცნობილი,  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVAX-პლატფორმაზე ვაქცინისთვის კიდევ 575 000 დოლარი გადარიცხა. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ჯამში სხვადასხვა ვაქცინასთან მიმართებით გაკეთებულია ფინანსური გათვლებიც და მიმდინარე წლის სავარაუდო ბიუჯეტი 65 მილიონიდან 170 მილიონამდე მერყეობს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია მარტში შემოვა. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას შემოიტანენ.