კვირის ბოლოს ვიმსჯელებთ რიკოთზე მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა მეწყრული პროცესების გამო შეზღუდეს. ავტომობილებს ახლა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით უწევთ გადაადგილება, რიკოთზე კი მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა და კვირის ბოლოს წინასწარი შედეგებით იმსჯელებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.

„დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კილომეტრზე გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისთვის გზის გაყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ.

კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე“, – განაცხადა გიორგი წერეთლმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელზეც ამჟამად გადართულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ ეტაპზე იქ გზის 6 კილომეტრზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც აფერხებს მოძრაობას.

„ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კილომეტრიან მონაკვეთზე. ამ დისკომფორტისთვის, საავტომობილო გზების დეპარატმენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს“, – თქვა გიორგი წერეთელმა.