კვლევა: ახალგაზრდებში ხშირია ჰომოფობია, არადომინანტური ჯგუფების მიმართ უარყოფითი განწყობა

პუბლიკა

სამმა მკვლევარმა: რატი შუბლაძემ, დავით სიჭინავამ და თამარ ხოშტარიამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ადამიანების – 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების ცხოვრების ტენდენციები შეისწავლა. კვლევა, სახელად „იმედებსა და გაურკვევლობას შორის” დღეს, 26 სექტემბერს გასაჯაროვდა. კვლევის თანახმად, ახალგაზრდებმა, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ღირებულებებიც განიხილეს და შესაბამის კითხვებს უპასუხეს. 

ანგარიშში წერია, რომ მართალია, ტრადიციები და „თვითტრანსცენდენტურობა“ ორივესთვის ღირებულია, ახალგაზრდებსა და უფროს თაობებს შორის განსხვავება იმაშიც ვლინდება, რომ ახალგაზრდები უფრო ღია არიან საზოგადოებრივი ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების მიმართ. ახალგაზრდებს მეტი მიმღებლობა აქვთ უმცირესობების ჩართულობის მიმართ თავიანთ ქვეყანაში. ამის მიუხედავად, ჰომოფობია და უარყოფითი დამოკიდებულებების სიჭარბე არადომინანტური ჯგუფების მიმართ კვლავ ხშირია, მათ შორის ახალგაზრდებში.

კვლევის მიხედვით, მართალია, ახალგაზრდები საქართველოში თავს ევროპელებად მიიჩნევენ და მიაჩნიათ, რომ „ევროპულ ღირებულებებს“ იზიარებენ, მათთვის პრიორიტეტული და უფრო ფასეული „ქართული ეროვნული“ ღირებულებებია.

ახალგაზრდების კიდევ ერთი მახასიათებელია მონაწილეობითი ღირებულებებისგან გამიჯვნა და სპორადული [არათანმიმდევრული] ჩართულობა ფორმალურ თუ არაფორმალურ აქტივობებში. აქტივისტებისა და მთავრობის წარმომადგენლების აზრით, ქვეყანაში სამოქალაქო მონაწილეობისა და აქტივიზმის დაბალი მაჩვენებელი ფართოდ გავრცელებულ სოციალურ ნიჰილიზმსა და სოციალურ აპათიას უკავშირდება. თუმცა, ეს ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს გარე ჯგუფების მიმართ სკეპტიციზმის ზოგად პატერნებსა და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობას, რაც ასოციაციების წევრობის დაბალ მაჩვენებელში, სოციალურ შეკრებებში დაბალ მონაწილეობაში და სოციალური ინსტიტუტების მიმართ უნდობლობაში გამოიხატება.

როდესაც საქმე იდენტობას ეხება, ახალგაზრდების უმრავლესობა საკუთარ თავს ხედავს, როგორც საქართველოს მოქალაქეს (94%), როგორც ადამიანს საკუთარი ქალაქიდან, სოფლიდან ან რეგიონიდან (77%), როგორც საკუთარ ეთნიკურ ჯგუფთან მიკუთვნებულს (62%) და როგორც კავკასიის რეგიონთან მიკუთვნებულს (59%). ახალგაზრდები საკუთარ თავს შედარებით უფრო იშვიათად ხედავენ მსოფლიო მოქალაქედ (50%) ან ევროპელად (41%).

მსოფლიო მოქალაქეობის იდეას შედარებით უფრო უმცროსი ასაკის (14-17 წლის), ეთნიკური უმცირესობები და ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები იზიარებენ. საკუთარი თავის ევროპელად მოაზრება ასევე უფრო ხშირი იყო ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, თბილისის გამოკლებით.

ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიის დროს ახალგაზრდები განმარტავდნენ, რომ, ძირითადად იმიტომ არ მიიჩნევენ თავს ევროპელად, რომ ქართული კულტურა სრულიად განსხვავდება ევროპული კულტურისგან.

ახალგაზრდების ნაწილისთვის საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროპის ნაწილი, ვინაიდან აკლია ევროპული ცნობიერება და განვითარება არაერთი მიმართულებით. მეორე მხრივ, ისინი, ვინც თავს ევროპელად ხედავს, განმარტავენ, რომ მათი ღირებულებები, შეხედულებები, მენტალობა, აზროვნება და ყოველდღიური რუტინა ევროპულთან ახლოსაა.

ახალგაზრდების უმრავლესობა (81%) აცნობიერებს, რომ ინდივიდი არ უნდა იყოს დამოკიდებული მთავრობაზე და თვითავტონომიურობის პრინციპს უნდა იზიარებდეს. ახალგაზრდების დიდი ნაწილი (79%) ასევე მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი მშობლიური ენის შესწავლის საშუალება.

საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობისთვის რელიგიური ინსტიტუტები გარკვეულწილად წმინდა და სანდოა. ბევრი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში მათ განსაკუთრებული როლი აქვთ (71%) და ეწინააღმდეგებიან იმ იდეას, რომ სიტყვის თავისუფლება გულისხმობს უფლებას, აკრიტიკო ყველა რელიგია (69%). დედაქალაქთან შედარებით, ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო გავრცელებულია სოფლისა და სხვა ქალაქის ტიპის დასახლებებში.

ახალგაზრდები საქართველოში ქართული კულტურის დიდი დამცველები არიან და ამ საკითხს ძალიან კონსერვატიულად უდგებიან. თუმცა, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართ მათი დამოკიდებულებები არც თუ ისე სწორხაზოვანია.

ერთი მხრივ, უმცირესობა (41%) ემხრობა მოსაზრებას, რომ სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის შერწყმა საქართველოსთვის უმჯობესია, უმრავლესობა (66%) კი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ იმიგრანტები უნდა მოერგონ საქართველოს კულტურულ ტრადიციებს. ამ უკანასკნელ მოსაზრებას უფრო ემხრობიან სოფლისა (70%) და ქალაქის ტიპის დასახლებებში (67%), ვიდრე დედაქალაქში (58%).

ამასთან, თითქმის თანაბარია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, ვინც ემხრობა და ვინც ეწინააღმდეგება ჰომოგენურობისა და განსხვავებული კულტურების მიმართ ტოლერანტობის იდეას: 53% ეთანხმება და 47% ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ქვეყნისთვის უმჯობესია, თუ თითქმის ყველა ერთნაირ წესჩვეულებებს მისდევს, ხოლო 51% ეთანხმება და 49% ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ საქართველოს ბევრ სხვა ქვეყანასთან საერთო კულტურული მახასიათებლები აქვს და მათი გავლენის მიმართ ღიაა.

ზემოთ ნახსენებ პირველ მოსაზრებას მეტად ემხრობიან ახალგაზრდები, რომელთაც დაწყებითიან არასრული საშუალო განათლება აქვთ მიღებული (59%), ხოლო მეორე მოსაზრებას მეტად ემხრობიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები (75%).

პიროვნულ ღირსებასა და გულწრფელობასთან დაკავშირებული ღირებულებები ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ პარტნიორის ერთგულება (95%), პასუხისმგებლობის აღება (95%), დამოუკიდებლობა (95%) და წარმატებული კარიერის შექმნა (93%) მათთვის მნიშვნელოვანია. შემდეგი ყველაზე გავრცელებული ღირებულებები კეთილდღეობასთან ასოცირდება.

თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ღირებულებებს, როგორიცაა ჯანსაღი კვება (91%), კარგი შესახედაობა/გარეგნობა (88%) და სპორტით დაკავება (82%) ახალგაზრდები უფრო მეტად იზიარებენ, ვიდრე ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა გამდიდრების მცდელობა (67%).

ამას გარდა, ოჯახური ღირებულებები, შვილების ყოლა (88%) და ქორწინება (77%) ასევე საკმაოდ ან ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია მამაკაცებისა და 25-29 წლის ახალგაზრდებისთვის. ამასთან, დედაქალაქს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ქორწინება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

პოლიტიკურ და სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებული ღირებულებები, როგორიცაა პოლიტიკაში აქტიურობა (22%) და სამოქალაქო აქტივობა (43%) ახალგაზრდებისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია.

ეს ღირებულებები მცირედით უფრო მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ყველაზე უმცროსი წარმომადგენლებისთვის (14-17), სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები ახალგაზრდებისთვის „პიროვნული ღირსება“, და „პატიოსნება/წესიერებაა“. ასევე ხშირად სახელდება „ერთგულება“ და „გულწრფელობა“.

როდესაც სექსუალობაზე მიდგება საქმე, ახალგაზრდების ნახევარზე მეტი (55%) მიიჩნევს, რომ სექსუალური თავშეკავება ღირებულებაა/ღირსებაა ორივე სქესისთვის, ხოლო ახალგაზრდების ერთი მეოთხედისთვის ეს მოძველებული ცნებაა.

თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები (35%) უფრო მეტად მიიჩნევენ ამ ღირებულებას მოძველებულად, სხვა ქალაქებში (20%) და სოფლად (22%) მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები ასევე უფრო კრიტიკულად უდგებიან სექსუალური თავშეკავების საკითხს, დაწყებითი/არასრული საშუალო განათლებისა და საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არასდროს მიიჩნევს გამართლებულად ფიზიკურ (76%) და სიტყვიერ (69%) აგრესიას ან შეურაცხყოფის მიყენებას ქვიარ ადამიანებისთვის, სხვა თვალსაზრისით, მათი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ, ძირითადად, უარყოფითი და კრიტიკულია.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ქვიარ ადამიანებს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო მკურნალობა სჭირდებათ. ამ მიმართულებით ქალები და დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ტოლერანტულ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ.

ინსტიტუტებს შორის ახალგაზრდები ყველაზე მეტად ენდობიან ჯარს (74%), ეკლესიას/ რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებს (67%), პოლიციას (48%) და სასამართლოებს (39%). ჯარს და ეკლესიას დედაქალაქს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდები უფრო მეტად ენდობიან. ეკლესიას ასევე მეტად ენდობიან დაწყებითი და საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებთან შედარებით.

ახალგაზრდები ინსტიტუტებს შორის ყველაზე ნაკლებად ენდობიან პოლიტიკურ პარტიებს (79% არ ენდობა), მედიას (74% არ ენდობა), პრეზიდენტს (71% არ ენდობა), პროფკავშირებს (67% არ ენდობა) და ეროვნულ მთავრობას (66% არ ენდობა). ამ ინსტიტუტებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები, ხოლო ქალები, მამაკაცებთან შედარებით მეტ ნდობას ამჟღავნებენ.

გამოკითხვამ გამოავლინა სამი ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია: ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები (61%), ქვიარ ადამიანები (46%) და რუსეთიდან შემოსულები (44%), რომლებსაც ახალგაზრდები არ მისცემდნენ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას, რომ შეეძლოთ.

მეორე მხრივ, ახალგაზრდებისთვის ყველაზე მისაღები ადამიანები არიან მრავალშვილიანი დედები, რელიგიური ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები.

ახალგაზრდების უმრავლესობა კვლავ მშობლებთან ან რომელიმე მშობელთან ერთად ცხოვრობს. მხოლოდ 3% ცხოვრობს ცალკე, ხოლო დაახლოებით მეოთხედი (24%) პარტნიორთან ან მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ზოგადად, ახალგაზრდებს მშობლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ (58% აცხადებს, რომ ერთმანეთს კარგად უგებენ, 38% კი – რომ ძირითადად უგებენ ერთმანეთს).

ახალგაზრდების მეოთხედი (25%) დაოჯახებულია, თუმცა ეს მაჩვენებელი მამაკაცებს და ქალებს შორის განსხვავდება. ქალები უფრო ხშირად (36%) არიან დაოჯახებულები, მამაკაცებთან (14%) შედარებით. თითქმის ყველა დაოჯახებულ ახალგაზრდას შვილებიც ჰყავს. რაც შეეხება იმათ, ვისაც ჯერ შვილები არ ჰყავს, 77% აპირებს შვილების ყოლას მომავალში. ხოლო როდესაც შვილების სასურველ სქესზე მიდგება საქმე, უმრავლესობა (58%) ამ საკითხის მიმართ ინდიფერენტულია.


კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დასკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე; საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს. რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1 206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა, სტანდარტული გადახრა კი 14,38 წუთი იყო.