კვლევა: რუსული და პრორუსული არხები ყველაზე ნაკლებად პოპულარულია და ყველაზე ნაკლებად ენდობიან

პუბლიკა

ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ZINC NETWORK-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის დეზინფორმაცია მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხშირად აწყდება დეზინფორმაციას. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ დეზინფორმაციის ამოცნობა არ შეუძლია.

კვლევის მიხედვით, ტელევიზია და სოციალური მედია დეზინფორმაციის ყველაზე გავრცელებულ წყაროებად მიიჩნევა:

მონაცემების მიხედვით, რუსული და პრორუსული არხები ყველაზე ნაკლებად პოპულარულია და ყველაზე ნაკლები ნდობით სარგებლობენ. კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ მოსახლეობის 30% უყურებს ერთ პრორუსულ არხს მაინც, მინიმუმ კვირაში ერთხელ (ობიექტივი, ალტ-ინფო, Channel One Russia, Russia 24).

მედიაპლატფორმებს შორის ტელევიზიებს 85% კვირაში ერთხელ მაინც უყურებს; 71% კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს სოციალურ ქსელებს, ონლაინ მედიას – 56%, ბეჭდურ მედიას – 8%; რადიოს – 7%.

მოსახლეობის 62% ყველაზე ხშირად „იმედს“ უყურებს; 56% – „რუსთავი 2-ს“; 51% – „მთავარ არხს“; 47% – „TV პირველს“; 41% – საზოგადოებრივ მაუწყებელს; 36% – „ფორმულას“.

ნდობის რეიტინგი კი ასე გამოიყურება: 23% ენდობა „იმედს“, 18% – „მთავარ არხს“, 16-16% „TV პირველსა“ და „რუსთავი 2-ს“, 13% – საზოგადოებრივ მაუწყებელს, 11% – „ფორმულას“.

ZINC NETWORK-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა 3,024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე. შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოკითხვის შედეგები ასევე წარმომადგენლობითია ცალ-ცალკე თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო „უარი პასუხზე“ არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%-ს, ამიტომ მოხდა „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე” დაჯამება.