კანონის უზენაესობის ცენტრმა მოამზადა ანგარიში, სადაც შეფასებულია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა და გაანალიზებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესის შეჩერების შემდგომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს ნულოვანი რეაგირება და აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები.
ჩატარებული კვლევის შედეგად, ანგარიშში გამოკვეთილია, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეები, ისევე როგორც ჟურნალისტები, დაექვემდებარნენ სისტემურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას, წამებას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას; სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა იყო კოორდინირებული და სისტემური.
ამასთან, მათი შეფასებით, სახელმწიფომ არ აწარმოვა ეფექტიანი გამოძიება არც რიგითი სამართალდამცავების და არც ხელმძღვანელი პირების მიმართ. არ დასაჯა არცერთი სამართალდამცველი, ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ მომდევნო წელს, სახელმწიფო უფრო ლოიალური ხდება კანონდამრღვევი და დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცველების მიმართ.
ანგარიშში, ასევე, მითითებულია, რომ 2024 წელს არ დასჯილა არცერთი სამართალდამცველი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულისთვის, ამასთან, შემცირებულია პოლიციელთა დისციპლინური დასჯის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წელს ამ ციფრმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
„ამის პარალელურად, სახელმწიფო ატარებდა რეპრესიულ პოლიტიკას აქციის მონაწილეების მიმართ; აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფომ აქტიურად გამოიყენა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ყველაზე მკაცრი მექანიზმები“, – ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები ნაწარმოებია კანონის არსებითი დარღვევებით, ხოლო ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოები ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. მათი განცხადებით, ისინი სრულად ექვემდებარებოდნენ მმართველ პარტიას და გვევლინებოდნენ მათი პოლიტიკური დავალებების უპირობო შემსრულებლებად.