დამოუკიდებელი მკვლევრების გუნდმა, ორგანიზაცია ფორსეტის „დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის” ფარგლებში, სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე პოლიტიკური აქტორები შეისწავლა. კვლევამ აჩვენა, რომ TikTok-ზე პოლიტიკური კონტენტის შექმნის კუთხით განსაკუთრებით აქტიურობენ მთავრობის მხარდამჭერი ნამდვილი და ყალბი ანგარიშები.
კვლევის მიგნებების თანახმად, მთავრობის მხარდამჭერი ანგარიშები TikTok-ზე განსაკუთრებით 2023 წლის მარტის (საპროტესტო დემონსტრაციები „რუსული კანონის” წინააღმდეგ) მოვლენების შემდეგ გამოჩნდნენ და მათი აქტიურობა, განსაკუთრებით იზრდება სამთავრობო კრიზისების პარალელურად. მსგავს მომენტებში, ანგარიშები, ძირითადად ორი ტიპის კონტენტს ავრცელებდნენ: ა) რეალური ანგარიშები, უფრო ჭარბად ავრცელებენ მთავრობის მხარდამჭერ პოზიტიური კონტენტს (ვიდეოები), ბ) ყალბი ანგარიშები ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ეწევიან.
მაგალითად, 48 ანონიმური არხის კვლევისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ანგარიშები ერთმანეთის იდენტურ ვიდეოკონტენტს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში კოორდინირებულად ავრცელებენ.
მაგალითად: ვიდეო, რომელშიც მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა და ამბობს, რომ ის არასამთავრობო სექტორთან ერთად ქვეყნის ეროვნულ ღირსებას ლახავს, TikTok-ის რამდენიმე ექაუნთმა (georgiandream_, gamoitseret, jurnalists, terentigldaneli1) ერთსა და იმავე დღეს, 30 ივნისს კოორდინირებულად, მსგავსი ჰეშთეგებით გაავრცელა.
ანალოგიურად, Gamoitseret, _geonews_, jurnalists, terentigldaneli1, saechvo_, Khidi_, misteraravin1, ავრცელებენ ერთსა და იმავე ათწამიან ვიდეოს რედაქტირებულ ვერსიას, სადაც ირაკლი კობახიძე ოპოზიციის დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს უხეშად მიმართავს. აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიდეოს განთავსება შვიდივე ანგარიშმა, კოორდინირებულად 20 სექტემბერს გადაწყვიტა.
კოორდინირებულად იქცეოდნენ 18 სექტემბერს ანგარიშები Detro97, Polit_mimebi2. ისინი ერთდროულად ავრცელებდნენ მასალას, რომელშიც მამუკა მდინარაძე იმპიჩმენტის პროცედურაზე, ხოლო ირაკლი კობახიძე მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობს.
კოორდინირებულად თუ ცალ-ცალკე ანონიმურად მოქმედი ანგარიშები:
- დისკრედიტაციას უწევდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“) ჟურნალისტებს.
- უკონტექსტოდ ავრცელებდნენ კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების ჩართვებიდან ამონარიდებს.
- ერთმანეთთან ხელოვნურად აკავშირებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და კრიტიკული მედიას, არასამთავრობო სექტორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ლგბტ თემს.
- ავრცელებდნენ ვოლოდიმერ ზელენსკის ძველ (გაპრეზიდენტებამდე) ვიდეოებს, სადაც ის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს აშარჟებს.
- ასევე, უკრაინის ომის თემაზე ავრცელებდნენ შემდეგ ნარატივს: უკრაინას სურს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს და აქვე, ხშირად აქვეყნებენ 2008 წლის ომის ვიდეოებს/ფოტოებს, რომ მოსახლეობაში გააღვივონ შიში და პანიკა.
საყურადღებოა ისიც, რომ არაავთენტური გვერდები TikTok-ზე ინფორმაციის უკეთ გასავრცელებლად, ჰეშთეგებს ძალიან გეგმაზომიერად არჩევენ. ხშირად გამოიყენება ისეთი ჰეშთეგებიც, რომელიც ვიდეომასალისთვის არ არის ავთენტური, რაც იძლევა იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ანგარიშები ამ გზით ცდილობდნენ სხვა აუდიტორიაზე გასვლას. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისთვის გავრცელებული ვიდეოს აღწერაში შესაძლოა, შეგხვდეთ ჰეშთეგი „ჯენზი“. ჰეშთეგებში ხშირად ვხვდებით Gen Z-ის ლექსიკის ნაწილსაც, როგორიცაა „slay,” – ჰეშთეგს ირაკლი კობახიძის ვიდეოებზე. ამგვარი ჰეშთეგის გამოყენებამ უნდა მიიზიდოს შესაბამისი აუდიტორია.
ანალოგიურად, ამგვარი „ჰეშთეგები“ TikTok-ის ალგორითმის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელს უწყობს, რომ მათი ვიდეოები მოხვდეს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალება „კოკა-კოლასა” და „მაკდონალდსს” ლგბტქი პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდა, არაავთენტური გვერდები იყენებდნენ შემდეგ „ჰეშთეგებს“: #ლგბტ #LGBT #coca-cola #კოკა-კოლა #mcdonalds #გეიპროპაგანდა #ნაცები #ფორიუ #foryou.
სრული მასალა იხილეთ აქ.
დისქლეიმერი: მასალა მომზადებულია ფორსეტის „დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის” ფარგლებში. მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ან მედიასაშუალების პოზიციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
სალომე აჩბა – For Set კომუნიკაციების მენეჯერი:
ტელ: 593 73 75 03
ელ.ფოსტა: salome@forset.ge