პარტია „პროგრესი და თავისუფლების” ერთ-ერთი ლიდერი კახა ოქრიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” გამოკითხვას ატარებს.
ის ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობაა როგორც მათ პარტიაში, ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“.
„მე არ ვაპირებ პარლამენტში ისე შესვლას, როგორც ეს დანარჩენმა პარტიებმა გააკეთეს – არ ვაპირებ ფრაქციის შექმნას, უარს ვამბობ ყველანაირ თანამდებობასა და დეპუტატის ხელფასზე!
ეს საკითხი ჩემი, ბატონი მელიას და ბატონი სააკაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც იყო. ჩვენ განვიხილეთ სამი გზა – შესვლა, არშესვლა და ჰიბრიდული ვარიანტი, ანუ მუშაობა მხოლოდ ორი საკითხის, სასამართლო და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის შესაცვლელად.
პირადად ჩემთვის მისაღებია მესამე ვარიანტი – ეს ყველაფერი შემოდგომამდე გაგრძელდება და თუ შემოდგომის პლებისციტიც გაგვიყალბა „ოცნებამ“, მაშინ ყველანი ქუჩაში უნდა გავიდეთ!
პატარა ანონსს გავაკეთებ – ჩვენ ვატარებთ კვლევას, თუ რა სურს ამომრჩეველს, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით და ამ კვლევის პასუხებს საზოგადოებას რამდენიმე დღეში გავაცნობთ“,- აცხადებს ოქრიაშვილი.