საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ეპიდსიტუაციაზე დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ექსპერტთა მოსაზრებებია წარმოდგენილი.
„კურაციო“ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული უახლესი კვლევის მონაცემებზეც წერს, რომელიც, ორგანიზაციის შეფასებით, საგულისხმო ინფორმაციას იძლევა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი წარმოებული კვლევების წინასწარი მონაცემებია და ოფიციალურ მეცნიერულ პუბლიკაციებს უნდა დაველოდოთ, რომ მიღებული მონაცემების ხარისხში დავრწმუნდეთ.
სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის წინასწარი მონაცემებით, სანტა-კლარას რაიონში COVID19 ინფექციის გავრცელების დონე 50-85-ჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჯანდაცვის სისტემამ დააფიქსირა – 956 შემთხვევა. ანუ, მათი გათვლებით, მოსახლეობის 2.5% -4.2%-ს ინფექცია გადატანილი აქვს.
ასევე, არსებობს ისლანდიის კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის 0.86%-ს აქვს გადატანილი ინფექცია, ხოლო ავსტრიაში ჩატარებული კვლევის წინასწარი მონაცემებით – 0.33%-ს. ლოსანჯელესში წარმოებული კვლევის საფუძველზე, ვარაუდობენ მოსახლეობის 5.6%-ის ინფიცირებას.
„კურაციოს“ შეფასებით, ეს კვლევები ადასტურებს ვარაუდს, რაც აქამდე მხოლოდ მოდელირებით იყო დათვლილი.
„კერძოდ ის, რომ ინფექციის გავრცელების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ჯანდაცვის სისტემა იჭერს, სავარაუდოდ, ასიმპტომური პაციენტების ხარჯზე, თუმცა, არა მარტო ამის გამო. ამ კვლევებით მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებულია (ნაკლებია) მოდელირების ადრე გამოქვეყნებული შედეგებისგან და ამიტომ ინფექციის ფარული გავრცელების დონე ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რომ ეს ფაქტორი გადაწყვეტილებების მიღებისას საქართველოშიც გავითვალისწინოთ. კერძოდ, თუ მსგავს კვლევას დავგეგმავთ, რამდენი ადამიანი უნდა გამოვიკვლიოთ“, – წერს „კურაციო“.