„კვლევის პასუხები რუსულად მიაწოდეს“ | კონკურენციის სააგენტომ საქმე შეისწავლა

პუბლიკა

კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მოვაჭრე ვალდებულია, რომ მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს.

სააგენტოს განცხადებით, მათ ამ საკითხზე ერთ-ერთმა მოქალაქემ „ვეტერინალურ ცენტრ ზოოპლაზასთან“ დაკავშირებული შემთხვევის გამო მიმართა, რომელმაც მომხმარებელს ერთ-ერთი კვლევის პასუხი რუსულად მიაწოდა. სააგენტომ საქმე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევის კუთხით შეისწავლა.

„საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში მოვაჭრეს დაევალა – იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა.

კერძოდ, საქმის შესწავლის პროცესში, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – მომხმარებელს მომსახურება ქართულ ენაზე გაუწიოს. ასევე, ინფორმაცია და წერილობითი დოკუმენტები ქართულ ენაზე – მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს“, – აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტო.

„ზოოპლაზას“ მიერ რუსულად მომსახურება ლანა ყანჩელმა გააპროტესტა. მოქალაქე წერდა, რომ კლინიკაში კატა მიიყვანა სამკურნალოდ, მათ კი კვლევის პასუხი, ძირითადად, რუსულ ენაზე მიაწოდეს.