ლაგაზიძე: ანტიკორუფციული გადაწყვეტილება მძლავრი ნაბიჯია საერთო გამარჯვების გზაზე

პუბლიკა

„მოგესალმებით გამარჯვებულების სახელით” – ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს შეცვლილ გადაწყვეტილებას – ბიურომ „აირჩიე ევროპას” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოუხსნა „გაცხადებული საარჩევნო სუბიექტის” სტატუსი.

„ჩვენ, „აირჩიე ევროპა“ ვიყავით სახელმწიფო რეპრესიების პირველი სამიზნე. 6 სექტემბერს დაიწყო ეს რეპრესიები ჩვენ წინააღმდეგ და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენი სახით გაიმარჯვა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გამო.

პირველყოვლისა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწია ჩვენი სიმართლის აღიარება. მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიხსენით საქართველოს ყველა მოქალაქე პოლიტიკური ტერორისგან და რაც მთავარია, ეს არის „აირჩეს ევროპას“ მიერ გადადგმული პირველი და ძალიან მძლავრი ნაბიჯი და აგური 26 ოქტომბრის საერთო სახალხო გამარჯვების გზაზე, საქართველოს გამარჯვების გზაზე”, – თქვა ხათუნა ლაგაზიძემ.

ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „TI საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაურიც.

„ყველანი არჩევნებზე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! დარეგისტრირდით ჩვენთან დამკვირვებლად wevote.ge -ზე! საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი! ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას”, – დაწერა მან „ფეისბუქზე”.

დღეს, 2 ოქტომბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” (TI) და „აირჩიე ევროპას” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი მოუხსნა.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების შეცვლას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება. კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს.