დღეს Facebook-ზე მოქალაქე სერგი ბერიანიძემ გაავრცელა ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ფოტო. როგორც ბერიანიძე წერს, მერმა ვერ მიუსწრო გზის დაგების სამუშაო პროცესს და ფოტომონტაჟი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა.
ლაგოდეხის მერის ფოტო დღეს ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯონდო მდივნიშვილი ბევრი Meme-ის შთაგონების წყაროც გახდა.
შეკითხვაზე, ფოტომონტაჟი იყო თუ არა პირველად გამოქვეყნებული ფოტო, ლაგოდეხის მერი „პუბლიკას“ პასუხობს, რომ მსგავს საკითხებზე კომენტარის გაკეთება არ სურს და ურჩევნია, მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბროს.
„სიმართლე გითხრათ, მოხარულიც კი ვარ, რომ მთელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გადაფარა ჩემმა ფოტომ და მერე ბევრი სხვადასხვა ვერსია ვიხილე, ზოგან პლაჟზე, ზოგან – სუპერგმირების ტანსაცმელში“, – ამბობს მდივნიშვილი.
„პუბლიკამ“ მერს ჰკითხა, იყო თუ არა ფოტომონტაჟის მიზეზი ის, რომ მან სამუშაო პროცესზე მისვლა ვერ მოახერხა.
„ვინ თქვა, რომ მე გავაკეთე ეს ფოტო [ფოტოშოპში] ან ვინ თქვა, რომ ვერ მოვახერხე მისვლა? თვალყური ადევნეთ, რადგან დღეს გავხდი „პოპულარული“, თუმცა ლაგოდეხის მოსახლეობა მიცნობს არამხოლოდ მერობის პოზიციიდან. დღესაც მივდივარ მაგ ობიექტზე და პირდაპირი ჩართვაც მექნება და როგორი თანხვედრა არის, დღესაც იმ სამოსში ვარ, რომელიც იმ ფოტოზე ჩანს“, – ამბობს მდივნიშვილი.
„მე ერთი ვიცი ზუსტად, რომ 2017 წლის ნოემბრიდან ჩემი შესაძლებლობებისა და ჩემს ხელთ არსებული ბერკეტების ფარგლებში კეთილსინდისიერად ვემსახურები ჩემს მუნიციპალიტეტს, ჩემს გუნდს და მოსახლეობას“, – ამბობს ლაგოდეხის მერი.