ლაიენი: არ შეიძლება საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელშია. ის უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლაიენმა გაიმეორა, რომ გააგრძელებენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები, რათა დავიცვათ როგორც უკრაინა, ასევე ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესები“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ უკრაინას „უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“.

ლაიენის განცხადებით, ევროპის პოზიციაა, რომ არ შეიძლება საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით. ეს კომენტარი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პუტინმა პარასკევს ტრამპთან შეხვედრაზე ტერიტორიებზე მოთხოვნები წამოაყენა.

„ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. და ეს გადაწყვეტილებები არ შეიძლება მიღებულ იქნას მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის გარეშე“, – თქვა ლაიენმა.

მისივე განცხადებით, არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე. (მათ შორის მესამე ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობის თვალსაზრისით).

ლაიენმა თქვა, რომუკრაინა უნდა გახდეს „ფოლადის ზღარბი“, რომელის მონელებასაც პოტენციური დამპყრობლები ვერ შეძლებენ.