ევროკავშირის ლიდერებმა EU-ის წამყვან თანამდებობებზე ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურები დაამტკიცეს – მომდევნო ეტაპი ევროპარლამენტის მიერ თანამდებობებზე მათი ოფიციალურად დამტკიცება იქნება.
ლაიენი კვლავ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, კაია კალასი ჯოზეფ ბორელს შეცვლის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე, ხოლო კოშტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად შარლ მიშელს ჩაანაცვლებს.
კანდიდატებზე EU-ის ლიდერები, რომელთა შორისაც იყვნენ საბერძნეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების პრემიერები, ასევე, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი, 25 ივნისს შეთანხმდნენ. შერჩეული კანდიდატურები EU-ის ლიდერებს გუშინ, 27 ივნისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ დასამტკიცებლად.
ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით არჩევას პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა EU-ის ლიდერებს კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის.
„ჩემი კანდიდატურის მეორე ვადით მხარდაჭერისთვის მინდა ლიდერებს მადლობა გადავუხადო. მე ძალიან მოხარული ვარ ამ განსაკუთრებული მომენტის კაია კალასთან და ანტონიუ კოშტასთან ერთად გაზიარებით. ახლა მე დაველოდები ამის ევროპარლამენტისგან დამტკიცებას, მას შემდეგ, რაც წარვადგენ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩემს პოლიტიკურ ხედვას”.
პრესკონფერენციაზე კალასმაც ისაუბრა თავისი მიზნების შესახებ და თქვა, რომ მისი პრიორიტეტი ევროპული ერთიანობის უზრუნველყოფა იქნება.
„ძალიან მოხარული ვარ, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში – ევროპაში ომია, ხოლო გლობალურად არასტაბილურობაც იზრდება. ჩემი მიზანი იქნება ევროპული ერთიანობისთვის მუშაობა, ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვა, ასევე, გლობალური პარტნიორობის ზრდა”.