ლაიენი: საქართველო გზაგასაყარზეა - ის უნდა დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში აქციების ძალადობრივად დაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს.

„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს.

ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები რომ აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს”.- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია გამოიყენეს. როგორც ადგილზე მყოფი „პუბლიკას” ჟურნალისტი იუწყება, სავარაუდოდ, არიან დაზარალებულები.

„პუბლიკა” ცდილობს ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადამოწმებას – უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ადგილიდან გავრცელებული კადრების თანახმად, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლიც.

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს – შსს-მ უკვე რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება. ბოლო განცხადებაში უწყებამ აღნიშნა, რომ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.