ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს იქნება მისი პრეზიდენტობის დროს კომისიის პრიორიტეტი.
ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად არის წარდგენილი და დღეს ევროპარლამენტს თავისი ხედვები წარუდგინა.
„ჩვენს კავშირში ქვეყნების მიღება არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს უდიდესი გეოსტრატეგიული პასუხისმგებლობაა ევროპისთვის, რადგან დღევანდელ სამყაროში უფრო დიდი გაერთიანება ნიშნავს უფრო ძლიერ გაერთიანებას – ეს გააძლიერებს მსოფლიოში ჩვენს ხმებს, შეამცირებს დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის მთელს ევროპაში გავრცელებას.
ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს ინვესტიციებით, რეფორმებით და ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში მათი ინტეგრირებით. გაწევრება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ყოველთვის უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყნები გაწევრებამდე მზად იყვნენ ამისთვის. მაგრამ ჩვენი კავშირის შევსება ჩვენს არსებით ინტერესებშიცაა და ეს იქნება ჩემი კომისიის ძირითადი პრიორიტეტი.
მე მჯერა, რომ ისტორია კვლავ მეორდება – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ ჩაგვრას არჩიეს თავისუფლება, დამოკიდებულებას არჩიეს დემოკრატია და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო დიდი საფასურს იხდის. ამიტომ ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი, წარმატებული და იქნება ჩვენს ევროპის კავშირში”, – განაცხადა მან.
ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერებმა EU-ის წამყვან თანამდებობებზე ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურები დაამტკიცეს – მომდევნო ეტაპია ევროპარლამენტის მიერ თანამდებობებზე მათი ოფიციალურად დამტკიცება.
ლაიენი კვლავ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, კაია კალასი ჯოზეფ ბორელს შეცვლის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე, ხოლო კოშტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად შარლ მიშელს ჩაანაცვლებს.