ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ მან ბერლინში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
ლაიენის განცხადებით, უკრაინამ შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა და მზად არის, რომ ბლოკის წევრობაზე მოლაპარაკებები გაიხსნას.
„რუსეთი იბრძვის, რათა დაასრულოს უკრაინა, უკრაინა იბრძვის იმისთვის, რომ ეს ომი დაასრულოს. რუსეთი წარსულისთვის იბრძვის, უკრაინა უკეთესი მომავლისთვის. რუსეთი ანგრევს, უკრაინა იცავს და ეს კონტრასტი ყველაზე კარგად ხარკოვში იგრძნობა.
ორი წლის წინ ხარხკოველებმა რუსებს უკან დახევა აიძულეს და მას შემდეგ არა მხოლოდ ხელახლა განაახლეს ქალაქი, არამედ გახსნეს ახალი კულტურული ცენტრები, მაგრამ ახლა იქ ისევ წვიმს რუსული ბომბები, რომლებიც სამიზნეში იღებენ საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო ცენტრებს. პუტინს ქალაქის განადგურება სურს. ასე რომ, ხარკოვსა და უკრაინას სჭირდება ჩვენი ყველანაირი მხარდაჭერა და სწორედ ამან შეგვკრიბა დღეს აქ, ბერლინში. პუტინი უნდა დამარცხდეს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ ფერფლისგან აღსდგეს და იყოს საკუთარი მომავლის ბატონ-პატრონი. მოლაპარაკებებზე უკრაინამ შეასრულა ჩვენ მიერ განსაზღვრული ყველა ნაბიჯი და სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან უნდა დაიწყოს უკვე ამ თვის ბოლოს.
პრეზიდენტო, ზელენსკი, ეს უკრაინის პირველი აღდგენის კონფერენციაა, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ტარდება და სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენი ქვეყნის ადგილია. ხარკოვი ევროპაა, უკრაინა ევროპაა და ჩვენი კავშირი თქვენი სახლი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
7 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია.
გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერის, ანა პისონეროს თანახმად, ევროკომისიამ 7 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა მისთვის აქამდე დაწესებული კრიტერიუმები, მათ შორის, ანტიკორუფციული და პოლიტიკური ლობირების ზომების, საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესებისა და ეროვნული უმცირესობების მიერ გამოყენებული ენების დაცვის კუთხით.