ლამერტი: „ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება

პუბლიკა

ევროკომისიის სპიკერმა, მარკუს ლამერტმა „პუბლიკის“ კითხვის პასუხად თქვა, რომ „საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება“.

კითხვა ეხებოდა ევროკავშირის მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სანქციების დაწესების შესძლებლობას.

მარკუს ლამერტის თქმთ, „ევროკომისიამ აამოქმედა ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმით გათვალისწინებული პროცედურა, რათა ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ, სახელმწიფო პასპორტებს“.

შემდეგ ეტაპზე კი, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ უკუსვლას, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება მთელი მოსახლეობისთვის.

მარკუს ლამერტმა თქვა:

„ვიზალიბერალიზაციის მიზანია ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების პოპულარიზაცია, მათ შორის არის ადამიანის უფლებების პატივისცემა და დემოკრატიული პრინციპები.

კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ძირი გამოუთხარა იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და აფერხებს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

პირველი ნაბიჯის სახით, კომისიამ თავისი შეფასება ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს. მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ვიზალიბერალიზაცია ერთიანად შეურჩერდებათ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში.

ახალი შეჩერების მექანიზმით, რომელიც გადაიხედა და ძალაში გასული წლის ბოლოს შევიდა, შესაძლებელია ორფაზიანი მიდგომა.

პირველი ეტაპი ეხება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ გარკვეულ ეტაპზე, უკუსვლის გაგრძელების შემთხვევაში, ეს გავრცელდეს მთლიან მოსახლეობაზეც, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება“.

2025 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, გამარტივდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი.

შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები“.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს 2017 წლიდან აქვს.

2025 წლის 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.