რეჟისორი ლანა ღოღობერიძე „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მობრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთი წლის წინ მასშტაბური პროტესტების შედეგად საქართველოს ისტორიას შემორჩა სიმბოლო „ქალი ევროკავშირის დროშით” და ამ დროშას საზოგადოება არ დაუშვებს.
„ამ კანონის მიღების მცდელობა ერთხელ უკვე იყო. მის ახლად მიღებას არ დავუშვებთ. იმიტომ, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს არა ჩვენს რეალურ მტერს – რუსეთს, არამედ ჩვენს მეგობრებს – ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებიც მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე, აფინანსებენ, თან სრულიად გამჭვირვალედ, უამრავ, ხალხისთვის სასარგებლო პროგრამას.
ეს ყველაფერი ერთი წლის წინ უკვე გამოვიარეთ. იმ დროიდან საქართველოს ისტორიაში დარჩა გამარჯვების უმშვენიერესი ხატი: ქალი ევროპის დროშით ხელში, წყლის ჭავლის ქვეშ, და დროშა ფრიალებს! ამ დროშას არ დავუშვებთ – ეს ქართველი ხალხის ნებაა”, – წერს ის.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.