ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოიგო.
უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლანჩხუთმა“ რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ ანგარიშით 0:1 დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქსკ „ლანჩხუთის“ გატანილი გოლი თამაშგარედ ჩაითვალა.
გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში, 67-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად გუნდი უეფას ჩემპიონატზე 1/16 ფინალში ითამაშებს.
კორონავირუსის გამო ქალთა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება ჯგუფური ეტაპის გარეშე გაიმართება და გუნდები თამაშს პლეი-ოფიდან დაიწყებენ.
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. ლანჩხუთელებმა 18 შეხვედრაში 51 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტ თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობეს. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშება კი, „ლანჩხუთმა“ 34 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.