ლანდსბერგისი: თუ პირობები არ შესრულდა, ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ საქართველოს მხრიდან დათქმები არ შესრულდა, „ნიშნავს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აღარ აქვს”.

ეს მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა.

ლანდსბერგისის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იქნება „განახლება  ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზის შესახებ”.

„ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს. იმედი მაქვს, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ [რუსული] კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას.

იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს პირობით და ეს პირობები არ შესრულდა, ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის”, – თქვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, შესრულებისთვის აუცილებელი 9 დათქმით.