ლაპარაკი რაღაც შეთქმულებაზე და ყურადღების გადატანა არ გამოუვათ - ხოშტარია კობახიძის განცხადებაზე

პუბლიკა

პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ტელეკომპანია „ფირმულასთან“ კომენტარი გააკეთა.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ კობახიძის განცხადება არის ყურადღების გადატანის მცდელობა, მაგრამ ისინი პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნიან.

„ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ, არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.

ამიტომ ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუვათ. ერთადერთი, რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი, არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. მეტს ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო”, – განაცხადა ხოშტარიამ.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „რადიკალების“ რიგებში „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც განიხილეს.