რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი უკრაინაში ნეონაცისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
ლავროვის ანტისემიტურ განცხადებას გუშინ გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი, რომელმაც განაცხადა, რომ ლავროვის კომენტარი მიუტევებელი და აღმაშფოთებელი, ამასთან საშინელი ისტორიული შეცდომა იყო.
ლაპიდის პასუხად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი განცხადება „ანტიისტორიულია“ და „დიდწილად ხსნის, თუ რატომ უჭერს ისრაელის ხელისუფლება მხარს ნეონაცისტურ რეჟიმს კიევში“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტისემიტური კომენტარი იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ლავროვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის ებრაული წარმომავლობა ხელს არ უშლის მის ქვეყანაში ნაცისტური ელემენტების არსებობას. „რამდენადაც ვიცი, ებრაული სისხლი ჰქონდა ჰიტლერსაც, ერთ-ერთ ყველაზე უარეს ანტისემიტ ებრაელს“, – თქვა ლავროვმა.
ლავროვის კომენტარის შემდეგ ისრაელში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მთავრობის წევრებმა კი საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს. ლაპიდმა ლავროვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და თქვა, რომ ესაა რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა.
ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა, იოაზ ჰენდელმა კი თქვა, რომ ის არ დაუშვებს ჰოლოკოსტის გაუფასურებას.
„ესაა ბოდვა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში რუსეთის საშინელი ქმედებების გამართლებას“, – თქვა ჰენდელმა.