„ლარის კურსის დღევანდელი გაუფასურება გამოწვეულია, ძირითადად, ემოციური ფაქტორებით“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
ლარის გაუფასურების ფონზე, ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე დღეა, იმეორებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძველი არ არსებობს. მან ამის შესახებ გუშინ „იმედის“ ეთერშიც ისაუბრა.
ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ასევე ხელს უწყობს გაუფასურებას და აჟიოტაჟს, რომელიც ეროვნული ვალუტის გარშემო იქმნება.
„ლარის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს, პირიქით, უპრეცედენტო, 18%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და სხვა მიმართულებითაც – სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, რეკორდული იყო სავალუტო ტრანსფერები – 168 მლნ დოლარი იანვრის მონაცემებით.
რაც არ უნდა სავაჭრო ჩავარდნაზე ვსაუბრობდეთ დღეს, რა თქმა უნდა, ის ვერ აისახებოდა ასე მყისიერად კონკრეტულ ეკონომიკურ რიცხვებში, პარამეტრებში. ამიტომ ეს არის, ძირითადად, ემოციური ფაქტორები, რომელსაც სჭირდება სწორი, კოორდინირებული, ერთსულოვანი პოლიტიკა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.