ლარსზე ჯავშანტრანსპორტიორი დადგება, რათა რეზერვისტებმა საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ - ФСБ

პუბლიკა

რუსული მედია წერს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ლარსის გამშვებ პუნქტზე ჯავშტანტექნიკის გამოჩენა დაადასტურა.

როგორც РБК წერს, ФСБ აცხადებს, რომ ზემო ლარსზე ახალი გამშვები პუნქტის გამართვა არ იგეგმება, მაგრამ სამხედროები გააკონტოლებენ, რომ რეზერვში გამოძახებულმა პირებმა საზღვრის გადაკვეთა უნებართვოდ არ სცადონ.

„ჯავშანტრანსპორტიორი იმ ადგილისკენ მოძრაობს, მაგრამ არა საგუშაგოს გასამართად, უხეშად რომ ვთქვათ, ის დაზღვევაა იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გარეშე. მხოლოდ ამ მიზნით. არანაირი ახალი გამშვები პუნქტის გამართვა არ იგეგმება…

საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა“, – ციტირებს РБК ჩრდილო ოსეთის ФСБ-ის სასაზღვრო დეპარტამენტის კომენტარს.

ცოტა ხნის წინ რუსულ „ტელეგრამ-არხებზე“ გამოჩნდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჯავშანტრანსპორტიორების გადაადგილება ჩანს. „ტელეგრამ-არხებზე“ წერდნენ, რომ ჯავშანტექნიკა ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შენიშნეს.